საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) ევროპისა და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული კონგრესი და გამოფენა გაიმართა.
IRF-ის ტექნიკური ვიზიტისა და კულტურული ტურის ფარგლებში, სხავადასხავა ქვეყნიდან ინჟინრებს და დარგის ექსპერტებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის სამშენებლო მოედანზე უმასპინძლეს. 


დელეგატებმა დაათვალიერეს ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი უნიკალური გვირაბი, რომელიც TBM ტექნოლოგიითაა გაყვანილი, პროექტის ყველაზე მაღალი და გრძელი თაღოვანი ხიდი, ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ურთულეს რელიეფზე და ურთულესი საინჟინრო გადაწყვეტებით შესრულებული ნაგებობები.


მოწვეულმა ინჟინრებმა ხაზი გაუსვეს შესრულებული სამუშაოების მაღალ ხარისხს, რომელიც რთულ გეოგრაფიულ არელაში და მაღალი სტანდარტებით არის შესრულებული.


ევროპისა და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული კონგრესის მთავარი თემა იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირება მდგრადი, ჭკვიანი და უსაფრთხო გზებით. მონაწილეებმა განიხილეს საგზაო უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაფინანსების, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და რეგიონული თანამშრომლობის  საკითხები.


კონგრესში მონაწილეობდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები. მათ დისკუსიისას ხაზი გაუსვეს საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარებაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით და საავტომობილო გზების დეპარტამენტის გამოცდილება გაუზიარეს კონგრესის მონაწილეებს. ასევე, ისაუბრეს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში მიღწეულ პროგრესზე, დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობასა და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარების აუცილებლობაზე.
IRF-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-4 რეგიონული კონგრესი და გამოფენა იყო სამდღიანი მაღალი დონის დიალოგი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მობილობის მომავალზე. კონგრესი აერთიანებდა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ინდუსტრიის ხელმძღვანელებს, ინჟინრებსა და დარგის ექსპერტებს.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს