ირანში განვითარებული პროცესები შესაძლოა საქართველოზეც აისახოს - განსაკუთრებით, სატრანზიტო და საავტომობილო გადაზიდვებზე, - ამის შესახებ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან სულაბერიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ეფექტი რამდენად გრძელვადიანი იქნება დამოკიდებულია ირანში განვითარებული პროცესების ხანგრძლივობაზე.
"ძალიან რთული ვითარებაა და ანალიზისთვისაც რთულია, როგორ და რითაც გაგრძელდება ეს ყველაფერი, თუმცა ამწუთას არსებული სიტუაციიდან გამომდინარე შეგვიძლია გარკვეულწილად თვალი ვადევნოთ პროცესებს. შეიძლება ყოველ ერთ საათში იცვლებოდეს სიტუაცია განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. რომ არა ასეთი რთული ვითარება, ძალიან საინტერესო ინფრასტრუქტურაა. შეიძლება ითქვას, რომ ირანს ოფიციალურად არ აქვს გამოცხადებული, რომ სრუტე დახურულია, თუმცა ძალიან ცუდი ინციდენტები მოხდა გემებთან დაკავშირებით და შესაბამისად, ტვირთმფლობელები თავს იკავებენ იქ გავლისგან. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ირანსაც არ აწყობს ჰორმუზის სრუტის დაკეტვა და იმ ვითარების შექმნა, როცა საერთოდ შეწყდება ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა, რადგან ეს მათ ძირითად მომხმარებლებს ინდოეთსა და ჩინეთს დაარტყამს. შესაძლოა, ჰორმუზის სრუტემ, როგორც სატრანსპორტო დერეფანმა იმუშაოს, მაგრამ მაინც დარჩება ერთი ეფექტი იმ თვალსაზრისით, რომ სადაზღვევო კომპანიებმა არათუ გააძვირეს, არამედ გააუქმეს გემებისთვის გამოწერილი სადაზღვევო პოლისები და ახალი ფასით დაიწყეს გემების დაზღვევა. ეს ძალიან აძვირებს პროდუქტს. ანუ, ჰორმუზის სრუტემ რომც იმუშაოს, ეს ფაქტორები ნავთობის გაძვირებას მაინც გამოიწვევს.
ჰორმუზის სრუტის ალტერნატივა ბევრი არ არსებობს და მისი სრულად ჩანაცვლება ალბათ, წარმოუდგენელიც არის. ჩვენ ახლა მხოლოდ ზღვაზე ვსაუბრობთ და ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირანი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ტერიტორიაა ბევრი ტვირთის, რომელიც თურქეთიდან აზიისკენ მოძრაობს და აზიას აქვს დაინტერესება, რომ ირანის გავლით საქონელი ინდოეთსა და ჩინეთს მიაწოდოს. დღევანდელ დღეს ეს ყველა პროცესი გაჩერებულია. ვიცით, რომ თურქეთს აქვს შენარჩუნებული რამდენიმე გამშვები პუნქტი და აზერბაიჯანმა სრულად დაკეტა ყველა გამშვები პუნქტი, თუმცა ისედაც არავინ გარისკავს სატრანზიტო ნაკადების იქით გადამისამართებას. შესაბამისად, ამას გარკვეული ეფექტი ჩვენზე ექნება. რა თქმა უნდა, მე არ ვუშვებ, რომ ჩვენი დერეფნის რომელიმე ნაწილი ომის პოლიგონი შეიძლება გახდეს, მაგრამ გარკვეული სტრატეგიული ტვირთების გადაზიდვისას ტვირთმფლობელებმა, ამ ვითარების გრძელვადიანად შენარჩუნების შემთხვევაში, შეიძლება თავი შეიკავონ.
ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა აისახება სახმელეთო და საავტომობილო გადაზიდვებზე და, სავარაუდოდ, ეფექტი უკვე დღესვე შეინიშნება. ვალეს და სარფის გამშვებ პუნქტზე ალბათ უკვე საგრძნობლად მომატებულია იმ მანქანების რაოდენობა, რომელიც თურქეთიდან ირანის გავლით და შემდეგ შუა აზიაში ან სხვა ქვეყნებში მიემართებიან", - აცხადებს ლევან სულაბერიძე.