1-ელი მარტიდან ძალაში შესული კანონი, რომელიც მიგრანტების დასაქმებას კრძალავს, როგორც თავად სექტორში ამბობენ, ფასებისა და მომსახურების გაძვირებას გამოიწვევს.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი აღნიშნავს, რომ კანონის მიღება იმდენად სწრაფად მოხდა, ბიზნესი სიახლეს მოუმზადებელი შეხვდა, მით უმეტეს, კადრების დეფიციტი არაერთ სექტორში ამ აკრძალვის გარეშეც საკმაოდ საგრძნობი იყო.

„ნულოვანი კვოტა გიდებთან დაკავშირებით კარგია და მივესალმები, რადგან გიდი ისეთი პროფესიაა, ქართველი უნდა იყოს, ქართველი უნდა ჰყვებოდეს ქართულ კულტურასა და ისტორიაზე, რადგან ქართველივით ამას ვერავინ შეიგრძნობს. რაც შეეხება სხვა დანარჩენს - პრობლემას ვხედავ იმაში, რომ იმდენად სწრაფად მოხდა კანონის მიღება, გამოთავისუფლებული კადრები არ არსებობენ და შესავსებია დარჩენილი ადგილები“, - აცხადებს მაია მურაჩაშვილი.

მისივე თქმით, საიტი, რომელიც წესით, ბიზნესს კადრების მოძიებაში უნდა დაეხმაროს, პირველივე დღეს არ მუშაობდა. შედეგად, ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, შედეგი კი ფასების მნიშვნელოვანი ზრდა იქნება.

„დეფიციტის გათვალისწინებით, ვვარაუდობ 20-25%-იან მატებას სახელფასო ჭრილში, რასაც ბუნებრივია, მოჰყვება საშემოსავლო, საპენსიო და შესაბამისად, სერვისის გაძვირებაც.

დამძიმდა მდგომარეობა და კიდევ უფრო დამძიმებას ველოდები, რადგან იმ ადამიანური რესურსით, რითაც ვმუშაობდით, ახლა ამ ადამიანებზე კიდევ უფრო მეტი კონკურენცია წავიდა. შედეგად გამოიწვევს ხელფასების მატებას, ბიზნესის დამძიმებას, ადამიანური რესურსების კიდევ უფრო მეტ დეფიციტს. აუცილებლად ველოდები სერვისის გაძვირებას“, - აღნიშნავს მაია მურაჩაშვილი.