სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორის პაატა ცაგარეიშვილის აზრით, ირანის, სომხეთის და ინდოეთის მიერ ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ გაცხადებული პროექტი ტექნიკურად რთულად განსახორციელებელია. როგორც მან bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ეს პროექტი ახალი არაა და ამ საკითხის პერიოდულად წინ წამოწევა ხდება. ამასთან, ცაგარეიშვილის განცხადებით, ეს რუსეთის სტრატეგიაა, რათა ჩრდილოეთ-სამხრეთის მყარი სატრანსპორტო ღერძი შექმნას.
„ამ პროექტის ორ ასპექტზე შეიძლება ყურადღების გამახვილება. პირველი - ტექნიკურ-ეკონომიკური და მეორე - პოლიტიკური.
თუ ტექნიკურ-ეკონომიკურ ასპექტს შევეხებით, რთულად წარმოსადგენია ამ პროექტის განხორციელება, ვინაიდან ადრე ჩინეთი აპირებდა ამ პროექტში გამწევი ძალა ყოფილიყო, მაგრამ პროექტის სიძვირესთან ერთად, ეს რთულად განსახორციელებელია, ვინაიდან სომხეთის ტერიტორიაზე პროექტის დაახლოებით 67% ხელოვნურ ნაგებობებზე გადის, რაც გასაკეთებელია და ეს ამ პროექტს ფინანსურად არამომგებიანს ხდის. საუბარია რკინიგზაზეც, რომელიც რთულად განსახორციელებელი და არამოგებიანია. მეორე მხრივ, რთულია საავტომობილო გზაც. დღეს ირანი სომხეთს უკავშირებდა საავტომობილო გზით, მაგრამ რთული გზაა სიმაღლის გამო. ამიტომაც ეს ფინანსურად ტევადი პროექტია და მოგებიანობა არ ექნება.
მეორე მხრივ, ინდოეთის ახალი ნავსადგურის ჩართვა რუსეთის სტრატეგიაა, რომ შექმნას მყარი ჩრდილოეთ-სამხრეთი ღერძი და ჩართოს სომხეთი და შემდეგ საქართველო. ამიტომ რამდენად შეიძლება ეს პოლიტიკურად მოგებიანი იყოს?!“, - აღნიშნა პაატა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ ეს პროექტი საქართველოსთვის მოგებიანი ცალსახად არ იქნება.
„პირველ რიგში, ეს გამოიწვევს ჩვენს ნავსადგურში ისედაც შემცირებული ტვირთნაკადების კიდევ უფრო შესაძლო შემცირებას, ვინაიდან გარკვეულწილად შეიძლება ტვირთების გადანაწილება მოხდეს და ტვირთის ნაწილი რუსეთისკენ წავიდეს... ახალი არტერიები შეიქმნას. ამიტომ ღრმად არის შესასწავლი საქართველოსთვის რამდენად მოგებიანი იქნება, ან ეკონომიკურად დამატებითი ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით, რამდენად გამართლებული იქნება“, - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, როგორც გუშინ სომხეთში ირანის ელჩმა, მეჰდი სობჰანმა განაცხადა, ირანს, ინდოეთს და სომხეთს შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია, რომელიც მიზნად ისახავს სამ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კორიდორის პროექტის გაშვებას.
როგორც ცნობილია, სატრანსპორტო დერეფნის საშუალებით ინდოეთიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტვირთის ტრანსპორტირება ევროკავშირის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ბაზრებზე უნდა განხორციელდეს. ლოგისტიკური ჯაჭვი უნდა დაიწყოს ინდოეთის საპორტო ქალაქ მუმბაიდან, შემდეგ ირანის პორტ ჩაბაჰარამდე ჩავიდეს, საიდანაც სომხეთის და საქართველოს გავლით დასავლეთის ან ჩრდილოეთის ბაზრებზე მოხვდეს. კერძოდ, პროექტის თანახმად, საქართველოდან ტვირთი ორი მიმართულებით წავა: ან რუსეთისკენ ლარსის საბაჟოს გავლით, ან კიდევ ევროპისკენ ბულგარეთის პორტების გავლით.
წყარო: bm.ge