იმპორტდამოკიდებულება წლიდან წლამდე გაიზრდება, თუ არ მოხდება სწრაფი ტემპით ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების მშენებლობა - ამის შესახებ განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ.

როგორც GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა BMG-ს ელექტროენერგიის იმპორტის ზრდის ტენდენციის შეფასებისას განუცხადა, არსებული ტენდენციების გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მსხვილი, რეზერვუარიანი ჰესები აშენდეს.

“ჩვენ წლიდან წლამდე ელექტროენერგიის დეფიციტს განვიცდით, შარშან 2025 წლის ივლისში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად განვახორციელეთ ელექტროენერგიის იმპორტი {წლის ამ პერიოდში], რაც აქამდე რეალურად არ მომხდარა დეფიციტიდან გამომდინარე.

წელს უკვე იანვრის თვე რომ შევადაროთ ანალოგიურ პერიოდს, აბსოლუტურად შესამჩნევი არის გაზრდილი იმპორტი და არ გამოვრიცხავთ, პირიქით, ველოდებით ჩვენ იმას, რომ იმპორტდამოკიდებულება წლიდან წლამდე გაიზრდება, თუ არ მოხდება რაც შეიძლება სწრაფი ტემპით ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების მშენებლობა და მათ შორის, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რეზერვუარიანი, დამაგროვებელი ჰიდროელექტროსადგურების.

ჩვენ აღმოვჩნდით ამ მოცემულობაში - ქვეყანა, არა მხოლოდ რუსეთიდან ახდენს ელექტროენერგიის იმპორტს, არამედ ამას დაემატა უკვე თურქეთიც, სადაც აქამდე რეალურად ვახდენდით ხოლმე ექსპორტს. მოცემულობა გახლავთ შემდეგი, რომ თურქეთმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გაააქტიურა ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების მშენებლობა და გამრავალფეროვნება. მან უკვე ატომური ელექტროსადგური შეიყვანა ოპერაციაში, ამასთანავე ააშენა მსხვილი რეზერვუარიანი ჰიდროელექტროსადგური.

ჩვენი ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, არაერთგზის გვითქვამს, რომ დამატებითი ელექტრომობილები, დამატებითი მშენებლობები ავტომატურად ნიშნავს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას და ადამიანთა ცხოვრების დონის გაზრდას, ამიტომ წლიდან წლამდე ჩვენ გვექნება ზრდა. ამასთანავე მსხვილი მომხმარებლები, კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის პროდუქციას, რა თქმა უნდა, მოიხმარენ უფრო მეტ ელექტროენერგიას. აქ შესაძლებელია უკვე ჩანაცვლება მოხდეს და მათ საკუთარი გენერაცია საკუთარი მოხმარებისთვის უზრუნველყონ, მაგრამ იმდენს ვერ შეძლებენ, რომ მათ არ დასჭირდეთ დამატებითი ელექტროენერგია.

ამიტომ ახლა დავდექით უკვე იმ გამოწვევის წინაშე, რომ შარშან იანვარში ელექტროენერგიის იმპორტში გადავიხადეთ დაახლოებით 9 მილიონი დოლარი, წელს კი გადავიხადეთ 22.5 მილიონი დოლარი. ეს მაჩვენებელი მაღალი ალბათობით იქნება მზარდი”, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

ცნობისთვის, 2026 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის 72%-ით იყო გაზრდილი. გასულ თვეს ქვეყანაში 576 გვტ. საათი ელექტროენერგია შემოვიდა, რაშიც 22.5 მილიონი დოლარი გადავიხადეთ. აღსანიშნავია, რომ ღირებულებაში ელექტროენერგიის იმპორტი 157%-ითაა გაძვირებული.

bm.ge