გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, N6 საცხოვრებელი კორპუსისა და N119 საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეწყერსაშიშ ზონაში ფერდის გამაგრება დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს გრუნტის დატერასება, სადაც 40 მეტრი სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი მოეწყობა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული გეოლოგიური მდგომარეობის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ აუცილებელია გადაუდებელი საპრევენციო ღონისძიებების განხორციელება, რათა თავიდან იქნას აცილებული მიწის ჩამოშლით გამოწვეული საფრთხეები.

სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ლიბანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული არეალი მუშავდება. აღნიშნული სივრცე, რომელიც, პირველ რიგში, ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა აქ მცხოვრებ ადამიანებს, სრულად მოსაწესრიგებელია. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა  სადრენაჟე ქსელი, ბოლოს კი, სკოლის მიმდებარედ აშენდება 40 მეტრი სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი, რაც აღნიშნულ ტერიტორიას მთლიანად უსაფრთხოს გახდის. დაახლოებით, 4-5 თვე დასჭირდება სამუშაოების შესრულებას. მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურაც, რაც დღეისთვის პრობლემას წარმოადგენს. საავტომობილო გზა რამდენჯერმე შეკეთდა, თუმცა მეწყრული არეალიდან გამომდინარე, კვლავ დაზიანებულია. საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც უჭირს გადაადგილება. პროექტის დასრულების შემდეგ ეს ყველაფერი მოწესრიგდება და გამოსწორდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მართვის მიზნით, სადრენაჟე ქსელთან ერთად იგეგმება რკინაბეტონის კიუვეტის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მეწყრული პროცესების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ ფაქტორს.

სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც ორ მილიონ ლარს შეადგენს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გია აბუთიძე, გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს