გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 90 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 2 015 753 ლარია.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველაზე მეტი - 16 სამართალდარღვევა დაფიქსირდა იმერეთში. 15 ფაქტი გამოვლენილია გურიაში, 13 - კახეთში, 12 - მცხეთა-მთიანეთში, 10 - ქვემო ქართლში, 8 - აჭარაში, 7 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 - შიდა ქართლში, 2 - სამცხე ჯავახეთში, 1 კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეულია 51 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. მაგალითად, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს