ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში ,,მოამბე რეგიონები’’ ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიას აქვს პოტენციალი, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბდეს.
მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და რეგიონების განვითარებაზე.
„განმუხური და ანაკლია შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ტურისტული ადგილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“ -განაცხადა სოხაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მზადდება მასშტაბური პროექტი, რომელიც მოიცავს ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის სრულ რეაბილიტაციას და თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას. პროექტის დასრულებისთანავე გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ მანამდე უკვე დაწყებულია გადაუდებელი სამუშაოები სანაპიროს დასაცავად. კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ეროზირებული ნაპირის აღდგენას.
„განმუხურის სანაპიროზე ზღვა დაახლოებით 100 მეტრით არის შემოწეული, რის შედეგადაც ხმელეთის ნაწილი დაიკარგა. მიმდინარე წელს დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოები, რომლებიც მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება სანაპირო ზოლის შესანარჩუნებლად“ - აღნიშნა მინისტრმა.
სამინისტრომ ასევე დაიწყო ფართომასშტაბიანი კვლევა შავი ზღვის სანაპირო ზოლის სუსტი წერტილების გამოსავლენად, სადაც ეროზიის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. პროექტში ჩართული არიან საერთაშორისო ექსპერტები, კვლევის მიზანია პრობლემის გრძელვადიანი და სისტემური გადაწყვეტა.
„ჩვენი მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ შევიმუშაოთ ეფექტიანი მიდგომები, რომლებიც შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვას უზრუნველყოფს“ -განაცხადა მინისტრმა.
სოხაძის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს