საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში,  ქართველი გადამზიდველებისათვის ერთ – ერთ „დაუძლეველ“ პრობლემას,  ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციების მოცდენის ე.წ. პრასტოის ფინანსური კომპენსაცია წარმოადგენს.

ნებისმიერი გადამზიდველისათვის ცნობილია, რომ ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციების დაგვიანებით გამოწვეული ფინანსური კომპენსაცია, ტვირთმფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე,  მხოლოდ 48 საათის ამოწურვის შემდეგ შედის ძალაში, რომლის შემდეგ გადამზიდველს უფლება აქვს, დამკვეთისაგან მოითხოვოს ფინანსური კომპენსაცია.

ქართველი გადამზიდავების ტვირთზიდვის არეალის გათვალისწინებით, კომპენსაციის მარჟა ინდივიდულაურია და 48 საათის შემდეგ, ყოველ გადაცილებულ დღეზე – 50 ან  100 აშშ დოლარს შეადგენს.

იმ ვითარებაში, როცა ქართულ რეალობაში,  გადაზიდვების ბაზარზე ტვირთმფლობელის სახელით, ძირითადად ე.წ. ადგილობრივი შუამავლები არიან ჩართულები, ხშირია გადამზიდველებს და ე.წ. შუამავლებს შორის კომპენსაციის თანხის დარიცხვაზე უთანხმოებები და შედეგად ურთიერთდაძაბულობა.

ევროკავშირის ქვეყნები, აღნიშნული პრობლემის დარეგულირებას საკანონმდებლო დონეზე გეგმავენ. რამოდენიმე სახელმწიფომ უკვე მიიღო სათანადო ნორმატიული აქტი.

სასურველი იქნებოდა საქართველოში გადამზიდველების სახელით მოქმედ ასოციაციებსა და დარგის სახელმწიფო რეგულატორს შორის, აღნიშნული პრობლემის დარეგულირების  ირგვლივ განხილვა შემდგარიყო.

2025 წლის მაისში იტალიამ საკანონმდებლო დონეზე „ინფრასტრუქტურის დადგენილების“ სახელით ცნობილი ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციების  მოცდენის აქტი მიიღო.

დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა და სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის სექტორის რეფორმირებისკენაა მიმართული.

ერთ – ერთი საკვანძო ცვლილება, რომელიც დიდი ხანია  გადამზიდველებს აწუხებს, სატვირთო ავტოტრანსპორტის ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციების ხანგრძლივი ლოდინის ფინანსური კომპენსაციის წესს ეხება.

ახალი რეგულაციების თანახმად ე.წ. „უფასო ფრანჩიზა“ – კომპენსაციის უფლების გარეშე დასაშვები ლოდინის დრო – 3 საათამდე შემცირდა.

მოცდენის ყოველი საათით გადავადება, ტვირთმფლობელის  ავტომატიურად 100 ევროს საჯარიმო სანქციას იწვევს.

ადრინდელი კანონმდებლობისგან ძირითადი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ახალი საკანონმდებლო აქტით, გადამზიდველსა და ტვირთმფლობელს შორის კომპენსაციის მუხლის ხელშეკრულებაში შეტანა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს  და ავტომატიურად კანონმდებლობით რეგულირდება. 

ფაქტიურად ახალი საკანონმდებლო აქტით, ტვირთმფლობელის მხრიდანგადამზიდველისათვის გადასახადის გადახდის ვადა და ოდენობა ხდება ფიქსირებული, ასევე სავალდებულო იქნება და დაექვემდებარება აღსრულებას.

დავის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების ადგილზე მისვლის და ლოდინის დროის დასადასტურებლად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება იქნება შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში მონაცემები მეორე თაობის ინტელექტუალური ტაქოგრაფიდან ან ბორტზე დამონტაჟებული გეოლოკაციის სისტემებიდან აიღება.

საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს გადაზიდვების შეფერხებით გამოწვეული ზარალის კომპენსირებას, რაც ექსპერტთა შეფასებით გადაზიდვის მთლიანი ციკლის  საშუალო ღირებულების 4 – 6 % ს შეადგენს.

მიუხედავად ყველაფრისა, რეფორმას სავარაუდოთ თანმხლევი სირთულეები ექნება, რადგანაც კომპენსაციის ნორმის ამოქმედება,  გადამზიდველებს ოფიციალური საბუღალტრო დოკუმენტაციის წარდგენის და ფაქტობრივი დროის ზუსტად დოკუმენტირების აუცილებლობის წინაშე დააყენებს.

ტვირთმფლობელის მხრიდან, კომპენსაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, ერთადერთი შესაძლო ვარიანტი სასამართლოა, რაც გააჭიანურებს თანხის ამოღებას.

ვარაუდობენ, რომ ციფრული გადაწყვეტილებებისა და იურიდიული მომსახურების ხელმისაწვდომობის წყალობით მსხვილი ლოგისტიკური კომპანიები ახალ რეგულაციებთან ადაპტაციას უკეთ შეძლებენ.

ამავდროულად, მცირე გადამზიდავი კომპანიები, საჭირო მხარდაჭერისა და ავტომატიზაციის ინსტრუმენტების გარეშე, შესაძლოა დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდენ.

დასკვნის სახით – საავტომობილო გადამზიდველებისათვის ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციების მოცდენის ე.წ. პრასტოის კომპენსირების შესახებ საკანონმდებლო დონეზე მიღებული გადაწყვეტილება, ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და მიმართულია ლოგისტიკური ოპერციების სრულყოფისაკენ.

წყარო: transcor.ge