სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ,,ენერგეტიკული თვითკმარობა თვითმიზანი არ არის, თუმცა ერთის მხრივ აუცილებელი პირობაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და მეორეს მხრივ, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის". განცხადება დავით ნარმანიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" გააკეთა. მისივე ინფორმაციით, მთავრობას საკმაოდ რეალური გეგმა აქვს, რომ 2030 წლამდე, ელექტროენერგიის  მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს და ასევე, ბაზარზე ჭარბი ენერგია საექსპორტოდ გაჩნდეს.

,,პოტენციალი საკმაოდ გვაქვს და ამისთვის საკმაოდ ბევრი პროექტია მომზადებული. მათ შორის, მზის, ქარისა და ჰიდრო ენერგიის პროექტები. ამ ტიპის პროექტების მომზადება მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მთავრობამ ახალი, მწვანე ენერგიის ხელშეწყობის მექანიზმი დაამტკიცა.

ეს გულისხმობს იმას, რომ ინვესტორი, რომელიც ფულს ჩადებს მწვანე ენერგიის შექმნაში უზრუნველყოფილია ფიქსირებული შემოსავლით. მეორეს მხრივ, მწვანე პროექტები არის უწყინარი გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ამიტომაც ის სხვადასხვა სოციალური წინააღმდეგობები, რომლებიც პერიოდულობით არის ხოლმე რეგიონებში - ამ პროექტებში მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, ასეთი ტიპის პროექტები უახლოეს პერიოდში განვითარდება. ეს არის რამდენიმე ათეული მეგავატიანი მზის და ქარის სადგურები, მცირე და საშუალო ჰიდრო სადგურები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და ჭარბი ენერგიაც გაჩნდეს. 

აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა მზარდია, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წლიდან წლამდე იზრდება. ეკონომიკური ზრდა გულისხმობს მეტი სამუშაო ადგილების შექმნას, მეტი საწარმოსა და ორგანიზაციების გახსნას და შესაბამისად, ელექტრო ენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება", - დავით ნარმანია.

წყარო: https://bp.ge/news/energetika/energetikuli-tvitkmaroba-tvitmizani-ar-aris-tumtsa-chveni-qveynis-ekonomikis-ganvitarebistvis-autsilebeli-pirobaa?fbclid=IwY2xjawLuz_pleHRuA2FlbQIxMQBicmlkETFTNWk3NkhEcTIwallRczBLAR5k_epgFj-uJvr2aYm9yEr1U_WWpv9znEUIjNv1qfvdYsd_pWen2ZL9cxVESA_aem_sGT7xIS37UKrh3NeA6UeQg