ძველი სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესი - მათ შორის, სანატორიუმ "თბილისის" სრული რეკონსტრუქცია უკვე დაწყებულია. ამის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა.
როგორც გენადი ბალანჩივაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ძველი სანატორიუმების რეაბილიტაციის პროცესს, მათ შორის "თბილისის" სრულ რეკონსტრუქციას კერძო პირი ახორციელებს. მუნიციპალიტეტის მერი ხაზს უსვამს, რომ ქალაქში ძირითადი აქცენტი კულტურულ-რეკრეაციული სექტორის განვითარებაზე კეთდება, რადგან წყალტუბოში ჩამოსული ტურისტი ქალაქიდან, არა მარტო, ფიზიკურად გაჯანსაღებული, არამედ ემოციურად დატვირთული წავიდეს.
"ჩვენი მუნიციპალიტეტი, როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ასევე სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნაზე აქტიურად ზრუნავს. სწორედ ამიტომ, წყალტუბოში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მინდა გითხრათ, რომ ახალი რეკრეაციული სივრცეების, სკვერების, განათლებისა და სპორტული ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად მიმდინარეობს, რაც წყალტუბოს ტურისტულ და სამკურნალო პოტენციალს კიდევ უფრო ზრდის.
ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში "ცივი ტბის" რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა, ასევე ტბაზე გადასახედს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სათევზაო და ნავსადგომის ადგილები მოეწყო, ტბის გარშემო საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები გვაქვს. ტერიტორია დამატებითი ნარგავებით გამწვანდა, დამონტაჟდა განათების სისტემა და საავტომობილო პარკინგი მოეწყო.
ცენტრალური პარკის მოვლასა და გამწვანებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ასევე არსებული რეკრეაციული სივრცეების მოწყობაზე მუდმივად ვზრუნავთ. მინდა გითხრათ, რომ ცნობილი მწერლების, ნიკო ლორთქიფანიძისა და ოტია იოსელიანის ძეგლები უკვე დადგმულია, ამასთან, კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძისა და გალაკტიონის ბიუსტები გვაქვს", - აღნიშნავს წყალტუბოს მერი.
გენადი ბალანჩივაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებულ წყალმომარაგების საკითხზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამჟამად, ქალაქში წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომლის საინვესტიციო ღირებულება ₾25 მლნ-ია.
"ქალაქ წყალტუბოს მოსახლეობას და 15-ზე მეტ სოფელს სასმელი წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამასთან ერთად, სასმელი წყლის ქსელი მუნიციპალიტეტის 7 სოფელში ეწყობა.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა სოფელ გეგუთში მალე დასრულდება, შედეგად 4 000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სასმელი წყლის ქსელი ასევე, სოფელ გუმრაში, თერნალში, ბანოჯაში, ჯიმასტაროში მოეწყო, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი სოფელ ქვილიშორშიც ხორციელდება", - აცხადებს წყალტუბოს მერი.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს მერმა "ბიზნესპარტნიორთან" ტურისტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში არსებულ მღვიმეებში ტურისტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება სანატორიუმ "თბილისს" და წყალტუბოში არსებულ ძველ სანატორიუმებს, მათი რეაბილიტაცია პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში მიმდინარეობს. 2022 წელს მთავრობამ გასაყიდად 14 სანატორიუმი გამოიტანა. მათ შორის იყო სანატორიუმი „თბილისი“ .