„დიღმის საწვრთნელი ბაზა არის ისტორია, რომელიც უნდა დარჩეს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „დინამო თბილისის“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული ბაზის დანგრევა მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„საუბარი იყო დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევაზე და კორპუსების მშენებლობაზე. ეს  უბრალოდ გამაოგნებელია. მე მოვისმინე განცხადება სოციალურ ქსელში. ვოვა გუცაევს უდიდეს პატივს ვცემ თავისი წარსულიდან გამომდინარე, უდიდესი ფეხბურთელი იყო. უბრალოდ ეს დამოკიდებულება, რომ დიღმის საწვრთნელი ბაზა დავანგრიოთ,  რომელიც  ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და რომელსაც შვილივით გაფრთხილება სჭირდება, აბსოლუტურად გაუგებარია.

მე პირდაპირ ვიტყვი, სანამ დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ ის სიამაყე, რაც  გააჩნია ქართულ ფეხბურთს  - დიღმის საწვრთნელი ბაზის სახით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაინგრეს. ამას არასდროს გავაკეთებ. ამ ადგილმა უამრავი უნიჭიერესი თაობა გამოზარდა. მისი დანგრევა კატეგორიულად მიუღებელია. არავის ვურჩევ, რომ ამ ბაზაზე ხელი ასწიოს და მისი დანგრევა მოახდინოს. თუ ვინმეს ახალი ბაზის აშენება უნდა, ამაში ვინ ზღუდავს? უამრავი ტერიტორია და შესაძლებლობაა, სადაც ამის გაკეთება შეიძლება. ეს ბაზა კი არის ისტორია, რომელიც უნდა დარჩეს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.