როგორი იქნება განახლებული კუს ტბა. კუს ტბის მესაკუთრეებმა ტერიტორიის აღდგენა-განვითარების წინადადებით თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2022 წლის აგვისტოში მიმართეს. გეგმარებითი დავალების დამტკიცების პროცედურა უკვე თითქმის 10 თვეა მიმდინარეობს და კუს ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია/განახლებას ითვალისწინებს.

თბილისში კუს ტბის ტერიტორიის აღდგენა-რეკონსტრუქცია-ადაპტაციის პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამკვეთი  არის შპს „კუს ტბა კალა“, შემსრულებელი კი შპს „ნეო-ა“, რომელსაც რამდენიმე მსგავს პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული მათ შორის მზიურის პარკის რეაბილიტაციის პროექტში 2012-2013 წლებში და რამდენიმე განაშენიანების პროექტი გუდაურსა თუ ძველ თბილისში.

როგორც მომზადებულ დოკუმენტშია აღნიშნული, საპროექტო არეალის ფართობი - 332 812 კვ.მ -ია. ჰყავს რამდენიმე მესაკუთრე:  საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „კუს ტბა კალა“, სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და შპს „კუს ტბა პალასი“.

როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი წლების განმავლობაში კუს ტბის ტერიტორიაზე პრობლემების აკუმულირება ხდებოდა და  ამ პრობლემებმა კუს ტბის ფიზიკური და ფუნქციური მდგომარეობის დეგრადირება გამოიწვია, რის გამოც ჩამოყალიბდა რთული მდგომარეობა, რაც განვითარების სტაგნაციას იწვევდა, საბოლოოდ კი მიღწეული კონსენსუსის შედეგად  ინიციირებულ იქნა პროექტი კუს ტბის აღდგენა-რეკონსტრუქცია-ადაპტაციისთვის თუმცა პროექტების სპეციფიკურობიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის ის, რომ ტერიტორია დაქუცმაცებულია მიწის ნაკვეთებად და მოიცავს კერძო და მუნიციპალურ საკუთრებებს, პროექტის განხორციელებისთვის უნდა მოიძებნოს იურიდიული მექანიზმი კერძო და მუნიციპალური ნაკვეთების ერთიანად გამოყენების კუთხით. ასევე აღსანიშნავია, რომ კუს ტბის ტერიტორია წარმოადგენს თბილისის ურბანული ტყის პროექტის ტერიტორიის ნაწილს.

შპს „ნეო-ა“-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ხედვის ჩამოყალიბების კონკრეტულ ეტაპზე გამოიკვეთა ტბის მდგრადი მორფოლოგიური სტრუქტურა.

„წლების განმავლობაში განცდილი ტრანსფორმაციის მიუხედავად ის ძირითადად უცვლელი დარჩა. ეს არის საფეხმავლო წრე და ოთხი ცენტრი ყველა მხარეს. ამ სტრუქტურაზე აეწყო მომავალი სივრცითი სტრუქტურაც. ანუ:

  • ტბის მთავარ სახეს და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ცენტრალური მოედანი. (ჩრდილოეთი ცენტრი) მოედანი გარკვეულ კომპლექსს ქმნის მის გარშემო არსებული ორი მაღლობსა და ე.წ „არკებიან შენობასთან“ ერთად. თუმცა დღეს მისი მნიშვნელოვანი ნაწილი პარკინგად არის გადაქცეული. ასევე „არკებიანი შენობის“ თავზე გაჩენილი კაფეები ვიზუალურად დაბრკოლებას ქმნიან და მათი "ქაოსური" იერსახის გამო ვერ ხდება ტბის ვიზუალური აღქმა.
  • ჩვენი შემოთავაზების შედეგად პარკირება შესაძლოა მთლიანად ჩავიდეს მიწის ქვეშ. მოედანი კი საზოგადოებრივ სივრცედ გადაიქცეს. კაფეების ვიზუალური სახე ერთიანობაში მოვიდეს და გაიხსნას ნაწილობრივ. შესაძლოა მათ თავზე მოეწყოს ტერასა.
  • ცენტრიდან ვიზიტორთა ნაკადების გადანაწილება ლოგიკურად უნდა მოხდეს. ამიტომ, ჩვენ მიერ შემოთავაზებულია გარკვეული გრადაცია, რაც ითვალისწინებს ტბის აღმოსავლეთი ნაწილის უფრო აქტიურ , ხოლო დასავლეთ ნაწილის უფრო წყნარი დასვენების ზონად გადაქცევას. სამხრეთ ნაწილი რჩება მთლიანად ლანდშაფტური.
  • აქტიურ ზონაში მოთავსდება სპორტული მოედნები , სკეიტ პარკი, დახურული და ღია სავარჯიშო სივრცეები, პლიაჟი, სანაოსნო, სპორტული და გასართობი აქტივობები, საბავშვო აქტივობები.
  • წყნარი დასვენების ზონაში მოეწყობა : ერთდღიანი დასასვენებელი კომპლექსი, სპა, სამასაჟე პროცედურები, იოგას ცენტრი, დეტოქს კაფეები, ასევე აქ განსაზღვრულია პატარა ბავშვთა დასვენების ზონა.
  • გამწვანება და დენდროლოგია უნდა მოეწყოს ერთიანი პროექტის მიხედვით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტბის სამხრეთ ფერდობი, სადაც ბუნებრივი ტყის განახლება უნდა მოხდეს.
  • სანაპირო ზოლი უნდა გაიხსნას მთლიანად. დაუშვებელია ღობეების და სხვა ფიზიკური დაბრკოლებების მოწყობა. პლაჟები მაქსიმალურად ბუნებრივი უნდა იყოს.
  • საფეხმავლო ბილიკები - არსებულ წრეს ემატება დამატებით ორი წრე. არსებული საფეხმავლო ბილიკები და კავშირები უერთდება მათ და ერთიანი სისტემით ვითარდებიან. მათი დიზაინიც ასევე ერთიანია.
  • სატრანსპორტო სისტემა ხდება ცალმხრივი . პროექტი ითვალისწინებს ყოფილი სახანძრო გზის აღდგენას და გამოყენებას . პარკირება ეფექტურად განლაგდება და 500 მანქანის მიღებას შეძლებს,“- ნათქვამია გეგმარებითი დავალების დოკუმენტში.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის მფლობელ კომპანია შპს „კუს ტბა კალას“ რამდენიმე მეწილე ჰყავს 7% - ვახტანგ კიკაბიძე 7% ეკა ნონიკაშვილი, 7% გიორგი ხარძიანი, 5% არქენსთოუნ მენეჯმენტ ლიმიტედი, რომელიც სეიშელის კუნძულებზეა რეგისტრირებული, 20% პანამაში რეგისტრირებული შპს ები ქეპიტალ, 25% ასევე პანამაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება უოლმილ სერვისი, 29% (ანნა ხარძიანი 1/6, მიხეილ ხარძიანი 1/6, ეთერ ხარძიანი 1/6 და ეკა ნონიკაშვილი 3/6)