ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი თისელი ზღვის დონიდან დაახლოებით 1 200 მეტრზე მდებარეობს. საქსტატის მონაცემებით, სოფელში დაახლოებით 150 ადამიანი ცხოვრობს.
თისელი გამორჩეულია ბუნებრივი ლანდშაფტითა და პანორამული ხედებით, თუმცა ადგილობრივების თქმით, სოფელში ინფრასტრუქტურული პრობლემები დღემდე მოუგვარებელი რჩება.
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შიდა გზების მდგომარეობაა. სოფლის სასაფლაომდე მისასვლელი გზა, ისევე როგორც სოფლის სხვა შიდა მონაკვეთები, დაზიანებულია. მოსახლეობა ამბობს, რომ გზების რეაბილიტაციას წლებია ითხოვს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე არ მოგვარებულა.
სოფლის მცხოვრებმა, 67 წლის ავთანდილ თაბუნიძემ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ წვიმიან ამინდში გზები განსაკუთრებით რთულად გასავლელი ხდება, რადგან ტალახდება და გადაადგილება მნიშვნელოვნად ფერხდება.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ, როდესაც სოფელში ცენტრალური გზა მოეწყო, ადგილობრივებს შიდა გზების რეაბილიტირებასაც დაჰპირდნენ, თუმცა ეს დაპირება დღემდე არ შესრულებულა.
გზების გარდა, მოსახლეობა სანიაღვრე არხებზე დამცავი ცხაურების მოწყობასაც ითხოვს. მათი შეფასებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურის არარსებობა უსაფრთხოების დამატებით რისკებს ქმნის.
თისელში არსებული პრობლემების შესახებ ადგილობრივმა მედიამ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, ვარლამ წიკლაურს მიმართა. მისი განმარტებით, სოფელში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაგეგმილი არ არის.
ამასთან, შიდა გზების მოწესრიგება ვერ მოხვდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალშიც. ვარლამ წიკლაურის ინფორმაციით, თისელის მოსახლეობამ მიმდინარე წლის პრიორიტეტად გარე განათების მოწყობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, როდის მოხვდება თისელის შიდა გზების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ პროექტებს შორის.
წყარო: Tok2Region