ქობულეთში, დაბა ჩაქვში, რაგბის სტადიონის მშენებარე ადმინისტრაციული შენობა ჩამოინგრა. დაიბზარა კედლები, დაზიანებულია სავენტილაციო სისტემისთვის საჭირო გაყვანილობა - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

"ამ შენობის კარკასი უკვე აშენებულია, თუმცა ადგილზე არსებული ვითარების მიხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ ის ხელახლა ასაშენებელი იქნება – შენობის ნაწილი ჩანგრეულია, კედლები კი დაბზარულია. არ ვიცით, რა ვითარებაა სტადიონზე, რადგან ის თოვლით არის დაფარული" , - წერს მედია.

საუბარია შენობაზე, რომელიც მიმდინარე ტენდერის ფარგლებში შენდება და რომლისთვისაც ბიუჯეტს 1.7 მლნ ლარი უკვე გადახდილი აქვს.

2022 წლის ივლისში გაფორმებული ტენდერის მიხედვით, 4.3 მლნ აშშ დოლარის კონტრაქტი "შპს გლობალ სტანდარტმშენთან" გაფორმდა. ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონისა და შესაბამისი ადმინისტრაციული შენობის მოწყობაზე ელექტრონული ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „პროექტების მართვის კომპანიას" ჰქონდა გამოცხადებული.

ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, 2021 წელს აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ „გლობალ სტანდარტმშენს“ დაუკვეთა დაბა შუახევის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამუშაოები, ტენდერში გამარჯვების შემდეგ კომპანიას 2 მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.

ეს კომპანია მუშაობდა თელავში, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონის მოწყობის სამუშაოებზე, ხელშეკრულება 2 მილიონ 600 000 ლარზე მეტის ღირებულების სამუშაოებს ითვალისწინებდა. კომპანიას მოგებული აქვს ბორჯომში ცენტრალური საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციის 5 მილიონიანი ტენდერი და ქუთაისის ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაციის 2 მილიონიანი ტენდერი.

„კომერსანტი“ შესაბამისი კითხვებით რაგბის კავშირთან დაკავშირებას ცდილობს.