საქართველო თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება. ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ჩანაცვლდება ახალი ასფალტ ბეტონის 11.4 კილომეტრის სიგრძის გზით, რომელიც მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას, რომლის მშენებლობაც ამჟამად სრულდება.

ახალი გზის უმეტესი ნაწილი მთლიანი სიგრძის 67% გვირაბში გაივლის, რაც მნიშვნელოვნად შეამოკლებს გზის სიგრძეს, რომელიც ამჟამად სანაპირო ზოლს მიუყვება და გაზრდის გადაადგილების სიჩქარეს.

ბათუმი-სარფის გზის პროექტზე ამჟამად გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის განხილვები მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც პროექტზე საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება იგეგმება.

"სკოპინგის ანგარიშის თანახმად, საპროექტო გზის ჯამური სიგრძე შეადგენს 11,4 კმ-ს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: კვანძის, 3 სახიდე გადასასვლელის და ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა, ასევე გზის ბოლო მონაკვეთზე, სოფ. სარფის ტერიტორიაზე არსებულ გზაზე, იგეგმება გაფართოებითი სამუშაოების განხორციელება.

საპროექტო გზის დერეფანი იწყება მდ. ჭოროხის მარჯვენა სანაპიროდან კვანძის მოწყობით, შემდგომ გზა გრძელდება სახიდე გადასასვლელით, რომელიც მოეწყობა მდ. ჭოროხზე. ხიდის შემდეგ, სოფ. ჭარნალთან საპროექტო გზის დერეფანი გაგრძელდება 7,6 კმ სიგრძის გვირაბით, რომელიც გაივლის სოფ. ჭარნალისა და სოფ. ახალსოფლის ტერიტორიებზე. გვირაბის შემდეგ გზა გრძელდება სოფ. სარფის მიმართულებით და ხიდის მეშვეობით, სოფ. სარფის ტერიტორიაზე უერთდება არსებულ (საერთაშორისო მნიშვნელობის E70) საავტომობილო გზას, სადაც მოხდება გზის სავალი ნაწილის გაფართოება საქართველო-თურქეთის საზღვრამდე,"- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე ატვირთულ დოკუმენტაციაში.

პარალელურად, წელს უნდა გაიხსნას ბათუმის შემოვლითი 14-კილომეტრიანი გზა, რომელიც რამდენიმეწლიანი ვადაგადაცილებით მიმდინარეობს.

ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში გაფორმდა. პროექტს თურქული სამშენებლო/საინჟინრო კომპანია POLAT YOL & MAPA ასრულებს, ხოლო სამუშაოების ღირებულება 329.6 მილიონ ლარს შეადგენს. კონტრაქტის მიხედვით, ახალი გზა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა კონტრაქტორის მიერ პროექტის დაბალი ათვისების, ასევე რთული გეოლოგიური პირობების გამო, ის 4 წლით გაჭიანურდა.

წყარო: bm.ge