ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) რკინიგზა სრულად შესაძლოა, წელს ამოქმედდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარის მრჩეველმა, ემილ მამედოვმა განაცხადა, რომელსაც Report-ი ციტირებს.
ამ ეტაპზე დერეფანი სრული დატვირთვით არ ფუნქციონირებს. აქ ჯერ მხოლოდ მშრალი ტვირთი მოძრაობს, რომლის მოცულობებიც იზრდება. მამედოვის თქმით, ბთყ-ის რკინიგზით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება ექსპლუატაციაში რკინიგზის ხაზის სრულად შესვლის შემდეგ დაიწყება.
შარშან აზერბაიჯანულმა მხარემ ბთყ-ზე სიმძლავრის გაფართოებისთვის დიდი რეკონსტრუქციაც ჩაატარა, თუმცა, რადგან ნავთობპროდუქტები პოტენციურად საშიში ტვირთის კატეგორისაა, მათი ტრანსპორტირება მარშრუტის სრულ მზადყოფნამდე აკრძალულია.
სამუშაოები, დაახლოებით, 95%-ით არის დასრულებული და საბოლოო შტრიხებია დარჩენილი.
„ზუსტი თარიღის დასახელება რთულია, თუმცა, პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება,“ - აცხადებს ემილ მამედოვი.
ცნობისთვის, ბთყ-ის რკინიგზა 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. მისი მთლიანი სიგრძე 829 კმ-ია, საიდანაც 504 კმ - აზერბაიჯანის, 246 კმ - საქართველოს, ხოლო 79 კმ - თურქეთის ტერიტორიაზე გადის. რკინიგზით აზიასა და ევროპას შორის საქონლის მიწოდების დრო საგრძნობლად, ანუ 15 დღემდე შემცირდა.
პროექტის განხორციელება დაიწყო 2007 წლის 7 იანვრიდან სამმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სამივე ქვეყნის პირველმა პირებმა - აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. რკინიგზის მშენებლობის ვადა რამდენჯერმე გადაიწია ფინანსური, რელიეფური და პოლიტიკური სიძნელეების გამო.
პროექტის საერთო ღირებულება 600 მილიონი ამერიკური დოლარია. თავდაპირველად მისი ღირებულება შეადგენდა 422 მილიონ დოლარს. აქედან 202 მილიონი გამოყოფილი იყო საქართველოს მონაკვეთისათვის, ხოლო 220 მილიონი კი თურქული მხარისთვის. აზერბაიჯანმა საქართველოს გამოუყო თანხა 25 წლიანი კრედიტის სახით, რათა ამ უკანასკნელმა თავის ტერიტორიაზე განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები.
მოცემული პროექტი აერთიანებს სამხრეთ კავკასიის სარკინიგზო გზებს ევროპასთან თურქეთის გავლით. ბოსფორის სრუტეში გამავალი რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ საზღვაო გზით გადაზიდვის საჭიროება აღარ იარსებებს. მოცემული მაგისტრალი შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს აზიიდან ევროპისკენ. პერსპექტივაში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი. სხვანაირად ამ პროექტს „აბრეშუმის გზადაც" მოიხსენიებენ.
შეგახსენებთ, ბთყ-ის მოდერნიზებული რკინიგზით თურქეთში პირველი სატვირთო მატარებელი 2024 წლის 25 მაისს ჩავიდა. მიმდინარე წლის მარტის ბოლოს თურქულმა მხარემ განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ნახიჩევანსაც დაუკავშირდება.