,,არ შეიძლება, რომ ქვეყნის ენერგეტიკა ჩამოკიდებული იყოს მზის სადგურების ენერგიაზე“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ჩეხური კომპანია Photomate Eurasia-ის ტექნიკურმა დირექტორმა, ლევან ბოსტიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მზის ელექტროსადგურებს შეუძლია, წვლილი შეიტანოს ენერგოდამოუკიდებლობაში, თუმცა აუცილებელია დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურების აშენება. ლევან ბოსტიაშვილმა განმარტა, რომ მზის ელექტროსადგურების გენერაცია არასტაბილურია, რადგან ის ელექტროენერგიას  24 საათის განმავლობაში ვერ გამოიმუშავებს.

„მზის ელექტროსადგურებს შეუძლია გარკვეული როლი შეიტანოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ნაწილში, მაგრამ ამავე დროს, სისტემის მდგრადობისთვის აუცილებელია, დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურების აშენება, რათა შეიქმნას მაბალანსირებელი ელექტროენერგიის წყარო.

ასევე, აუცილებელია, რომ მოხდეს ენერგიის შემნახველი სისტემების ინტეგრირება, რათა გაიზარდოს სისტემის მდგრადობა და უსაფრთხოება. ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგ პროექტს ახორციელებს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 200 მგვტ. სთ-იანი ენერგიის შემნახველი სისტემის ინტეგრირებას ახდენს ქსნის ელექტრო ქვესისტემაში.

EMBER-მა ძალიან კარგი კვლევა დადო იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლის თამაში შეუძლია მზის ელექტროსადგურებს ენერგოდამოუკიდებლობაში. 2025 წლის ივნისში მზის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ევროპულ ელექტროსისტემაში იყო 22.1% - ყველაზე მაღალი წელი ჰქონდა მზის ელექტროსადგურებს. ამის ფონზე შესაძლოა, გამოვიტანოთ დასკვნები, რა როლი შეუძლია მზის სადგურებს, რომ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაში ითამაშოს“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ლევან ბოსტიაშივლმა.