გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ რეალური შედეგები გვაქვს, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გამორჩეულად სტრატეგიული ობიექტია ჩვენი ქვეყნისთვის, - ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოპონენტებს, რომლებიც პროექტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აქტიურად ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას.

 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ოპონენტების მხრიდან აზერბაიჯანში გაფორმებულ შეთანხმებებთან დაკავშირებითაც სპეკულაციები და ურთიერთგამომრიცხავი კრიტიკა ისმის.

 

„სპეკულაციებს სამწუხაროდ, ძალიან ბევრ თემასთან მიმართებაში ვისმენთ, მათ შორის, აზერბაიჯანთან გაფორმებულ ისტორიული შეთანხმების შესახებ. ერთი მხრივ, იყო კრიტიკა, თუ რატომ არ ზრუნავდა სახელმწიფო 20-წლიანი ხელშეკრულების გაგრძელებაზე. ჩვენ ღიად ვპასუხობდით ოპონენტებს, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და მას შემდეგ, რაც იდეალური პირობებით უზრუნველვყავით ხელშეკრულების გაგრძელება, ახლა ვისმენთ კრიტიკას, თუ რატომ მოხდა ხელშეკრულების გაგრძელება. იგივე ნარატივი გრძელდება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედი ლაივში“ სტუმრობისას. 

 

მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით გასული თვეების განმავლობაში არსებულ კონტრაქტორთან ერთად განხორციელებული სამუშაოების შედეგად პროექტის ფინანსური ოპტიმიზაცია მოხდა და მისი ღირებულება 52,5 მილიონი დოლარით შემცირდა. მისივე თქმით, პროექტი უცვლელი დარჩა და სამშენებლო კომპონენტების შემცირება არ მომხდარა, ხოლო ოპტიმიზაცია შესაძლებლობას იძლევა, რომ იმავე ვადებში ანაკლიაში მეტი ინფრასტრუქტურა მოეწყოს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.