ახალციხეში, კოსტავას 75-ში არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 200 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით გეგმავენ ღობის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის დემონტაჟს და ახლით ჩანაცვლებას. ასევე, კალათბურთის, ფეხბურთის კარების და ტრიბუნების მოწყობას.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
წინადადებების მიღება 19-22 ივლისს იწარმოებს, სამუშაოების შესრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 4 თვეა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სპორტული მოედანი წლებია შეკეთებას საჭიროებს. დაზიანებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, ბავშვები ამ მოედანზე მაინც თამაშობენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, სპორტული ობიექტების აღჭურვისთვის, რეაბილიტაციისთვის და მშენებლობისთვის 100 000 ლარია გათვალისწინებული.
წყარო: "ტოკ ტივი"