რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრები და სავაჭრო მარშრუტების გადაწყობა ლოგისტიკის სექტორს სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს მთავარი დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის, სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ინფრასტრუქტურულ ჩიხზე საუბრობენ.
ლოგისტიკური კომპანია Sky Log-ის მმართველი პარტნიორი, გიორგი ზუმბაძე BMGTV-ს ეთერში აცხადებს, რომ ქვეყანაში სატერმინალო ინფრასტრუქტურის მწვავე დეფიციტია, რაც შემაფერხებელი ფაქტორია სატრანზიტო ფუნქციის სრულფასოვნად შესრულებისთვის.
მისი თქმით, საქართველოში მართალია კერძო საბაჟო ტერმინალები არსებობს, თუმცა მათი რაოდენობა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
„საქართველოში არის კერძო საბაჟო ტერმინალები, მაგრამ ქვეყანას ეს არ ჰყოფნის. ყველგან არის დეფიციტი. დღეს თუ ფართის დაქირავება დამჭირდეს, ფიზიკურად ვერ ვიქირავებ – უბრალოდ ადგილი არ არის“, – ამბობს ზუმბაძე.
მისი განმარტებით, ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ უფრო აქტიურად შეასრულოს სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია რეგიონში.
ზუმბაძე მაგალითად თურქეთის გამოცდილებასაც ასახელებს და ამბობს, რომ სწორად დაგეგმილი რეგულაციები ლოგისტიკის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. მისი თქმით, თურქეთმა ჩინური ონლაინპლატფორმა TEMU-ს ბაზარზე შესვლის რეგულირება მოახდინა, თუმცა კომპანიას საქმიანობა არ აუკრძალა. შედეგად კომპანიამ ახალი სისტემა შექმნა და ადგილობრივი საწყობების განვითარება დაიწყო.
„თურქეთმა TEMU არ აკრძალა, უბრალოდ დაარეგულირა. TEMU-მ შექმნა ახალი კომპანია, რომელიც აკეთებს თავის საწყობს და შეაქვს ტვირთი იმის მიხედვით, რა მოთხოვნაა ბაზარზე. ფაქტობრივად, თურქეთისთვის შექმნა ჰაბი. ამას მოჰყვა ახალი სატერმინალო მოთხოვნა და სხვა ბიზნესებიც ჩაერთნენ პროცესში“, - ამბობს ზუმბაძე.
მისივე შეფასებით, თურქეთი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშეა ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო დერეფნებში. განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართული თურქული კომპანიები სამხრეთის კორიდორში.
ზუმბაძის ინფორმაციით, ევროპიდან აზიაში ტვირთის ტრანსპორტირება ხშირად რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს და გზაში სხვადასხვა ქვეყანაში ტვირთის გადატვირთვა ხდება. სწორედ ამ პროცესებში შეიძლება საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს.
„მანქანა ევროპიდან აზიაში ასე მარტივად არ მიდის. ბევრგან არის რიგები, მაგალითად ალატის პორტში ან საზღვრებზე. ამიტომ, ხშირად ხდება ტვირთის გადატვირთვა ან ტრანსპორტის შეცვლა. საქართველოც უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული“, - ამბობს იგი.
მისი თქმით, საქართველოში ამის შესაძლებლობები არსებობს, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება და სატრანსპორტო პარკის გაუმჯობესება.
„საქართველოშიც არის ეს შესაძლებლობები, თუმცა უფრო მწირი. დასახვეწია სატრანსპორტო პარკი, ავტომობილების ხარისხიც და ზოგადად ინფრასტრუქტურა,“ – აღნიშნავს ზუმბაძე.
ლოგისტიკის სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონული პოლიტიკური გარემოცვაც. ზუმბაძის თქმით, ირანში არსებული გაურკვევლობა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სატრანსპორტო მარშრუტებს ცვლის. ასეთ პირობებში ლოგისტიკის სექტორზე მოთხოვნა იზრდება.
მისი ინფორმაციით, მსგავსი სიტუაცია პანდემიის პერიოდშიც იყო, როდესაც ლოგისტიკის სფეროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა : „კოვიდის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საზღვარი ჩაკეტილი იყო, ლოგისტიკა მაინც მუშაობდა. ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ ამ სფეროზე იყო“, - ამბობს ის.
გიორგი ზუმბაძის შეფასებით, გაურკვევლობის პერიოდში კომპანიები მარაგების შექმნას იწყებენ, რაც ტრანსპორტირებაზე მოთხოვნას ზრდის. მისივე თქმით, უკვე შეინიშნება რკინიგზის გადაზიდვებზე გაზრდილი დატვირთვაც, რადგან ზღვით ტრანსპორტირებასთან შედარებით მიწოდების დრო მნიშვნელოვნად ნაკლებია.
მისი აზრით, ლოგისტიკის განვითარება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებს არ გულისხმობს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საწყობების სისტემა, სატარიფო პოლიტიკა და საბაჟო პროცედურებიც.
„ლოგისტიკა მარტო მანქანა არ არის. არის საწყობი, რომელიც აუცილებელია, თავისი სატარიფო პოლიტიკითა და სიმარტივით. საბაჟოც უფრო ლიბერალური უნდა იყოს, განსაკუთრებით ტრანზიტული ტვირთებისთვის, რომელიც საქართველოში არ რჩება“, - ამბობს ზუმბაძე.
მისი შეფასებით, შუა დერეფნის განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა კასპიის ზღვის მონაკვეთთან არის დაკავშირებული.
„რაც არ უნდა გავაკეთოთ, მაინც დამოკიდებული ვართ კასპიის ზღვაზე. დღეს თუ მკითხავთ, მთავარი პრობლემა სწორედ იქ არის“, – აღნიშნავს იგი.
მისივე თქმით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო კავშირის გასაძლიერებლად. თუმცა ამისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება და ლოგისტიკური პროცესების კიდევ უფრო გამარტივება : „ლოგისტიკას რაც არ უნდა მოხდეს, ვერავინ აცდება“, – თქვა გიორგი ზუმბაძე.