,,გულწრფელად მიხარია, რომ რამდენიმე თვის წინ განმუხურსა და ანაკლიაში მიღებული გადაწყვეტილება ამ ტერიტორიების კეთილმოწყობის შესახებ უკვე რეალურ ნაბიჯებში გადაიზარდა. გამარჯვებულ კომპანიასთან ერთად დეტალურად განვიხილეთ პროექტირების საკითხები, ჩვენი და მუნიციპალიტეტების პრიორიტეტები და ვიმედოვნებ, რომ სამშენებლო სამუშაოებს მიმდინარე წელსვე დავიწყებთ. ასეთი მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ტერიტორიების განვითარება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. განმუხურსა და ანაკლიას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ არეალს მივიღებთ. პარალელურად ვიწყებთ პროექტს მალთაყვაშიც, ამ ინიციატივების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და გაძლიერებას''-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პროექტის დეტალების  ადგილზე განიხილვის შემდეგ.

სოფელ განმუხურისა და ანაკლიის განახლებული საზღვაო სანაპიროს პროექტზე მუშაობა დაიწყო, რომელიც 8 თვის ვადაში უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება სარეკრეაციო სივრცე და მოეწყობა  მრავალფუნქციური, ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლი.

66.5 ჰექტარ ტერიტორიაზე შეიქმნება ინფრასტრუქტურა, სადაც  გათვალისწინებული იქნება სივრცეები დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის.

დაგეგმილია სანაპირო ზოლის რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაყოფა: მოეწყობა საბავშვო სათამაშო, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები, სპორტული მოედნები,  სავარჯიშო და  რეკრეაციული ზონები,  საფეხმავლო და  ველო ბილიკები. ტერიტორიაზე საპარკინგე ზონა საერთო ლანდშაფტური გადაწყვეტის შესაბამისად განთავსდება.

განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურული ნაწილის პროექტირება მოიცავს არსებული ნაგებობების რეაბილიტაციას.  დაგეგმილია ღია სცენის და დეკორატიული ტბის მოწყობა, განმუხურისა და ანაკლიის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია. 

პროექტი ასევე ითვალისწინებს კომერციული, შემეცნებითი სივრცეების შექმნას,  პერგოლების, ადაპტირებული საზოგადოებრივი სანიტარული კვანძების, ღია საშხაპეებისა და შადრევნების მოწყობას. 

გათვალისწინებულია ტერიტორიის ადგილობრივი მცენარეული სახეობებით გამწვანება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნარჩენების სეპარაციისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესაძლებლობა.

ამასთან, პროექტი მოიცავს გარე განათების, სარწყავი ქსელის, ელექტრო და წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟე  და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობას.

პროექტს ამუშავებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ნიუ ქონსთრაქშენ კაპიტალი“.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ არქიტექტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე განიხილა პროექტის დეტალები და სამუშაოების შემდგომი ეტაპები.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.