ბათუმში ბოლო დღეებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა დიდი ყურადღება მიიპყრო. ერთ შემთხვევაში, ახლად დაგებული ასფალტის საფარი ჩავარდა და ავტომობილი გზაში ჩაეფლო, მეორე შემთხვევაში კი ახლად მოწყობილი ტროტუარის საფარის ხარისხმა მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. ორივე პროექტს ერთი და იგივე კომპანია – „ბონდი 2009“ ასრულებს.

ადგილობრივი მედიასააგენტოს  მიხედვით, ბათუმში მამია ვარშანიძის ქუჩაზე ტროტუარი უსწორმასწოროდ დაიგო, რის შემდეგაც სამუშაოების მიმართ კრიტიკა გაჩნდა. ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ ადგილზე ბათუმის მერი მივიდა და განაცხადა, რომ ასეთ სამუშაოს არ ჩაიბარებდა.

მანამდე, 20 აპრილს, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული გზის ნაწილი ჩავარდა, რასაც ავტომობილი მოჰყვა. ბათუმის საკრებულოში განაცხადეს, რომ ეს შესაძლოა მაღალი წნევის წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია, თუმცა შესაბამისი ექსპერტიზის ან დოკუმენტური დასკვნის წარმოდგენა არ მომხდარა.

გამოცემა წერს, რომ კომპანია „ბონდი 2009“ ბათუმის საკრებულოს წევრ ლევან დოლიძე ოჯახის საკუთრებაშია. კერძოდ, კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი მისი მამა, ნუკრი დოლიძეა. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ კომპანიის მფლობელებს შორის არიან ბადრი ჭაღალიძე, ოთარ ფუტკარაძე, ნუკრი დოლიძე და დავით დევაძე.

ადგილობრივი მედიასაშუალების ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვების მონაცემებზე დაყრდნობით, „ბონდი 2009“-ს ბოლო წლებში არაერთი ტენდერი აქვს მოგებული. მხოლოდ 2025-2026 წლებში კომპანიამ მინიმუმ 10 ტენდერი მოიგო, ძირითადად ბათუმის მერიისა და მასთან დაკავშირებული უწყებების დაკვეთებით. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ხელშეკრულება 2026 წლის იანვარში გაფორმდა და 5.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა.

„ბათუმელებმა“ ინფორმაცია ოფიციალური მონაცემებისა და ადგილზე განვითარებული მოვლენების საფუძველზე მოამზადა.