ვნახეთ დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცხადებული გრანტი, რაც აჩვენებს, რომ მართალია, აშშ-ს პოზიცია შეიცვალა, თუმცა რჩებიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, ფული გამოიყენონ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების არჩევნებზე გავლენა მოახდინონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი საუბრობს კორუფიასთან დაკავშირებულ ეჭვებზეც და აცხადებს, რომ უკვე წინასწარ ცნობილია, ვის უნდა გადაეცეს ფული, მისი თქმით, მოსახლეობა დაინახავს, რომ ფულს ისევ "ისფედი" მიიღებს.
"სამი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ სინამდვილეში, ამგვარი პროექტებით ქვეყნის არჩევნებში ჩარევა ხდება. ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ეს პრაქტიკა ამხილა და ამგვარი სახის დაფინანსებები ზუსტად იმ საფუძვლით შეწყვიტა, რომ ასეთი თანხები სხვა ქვეყნებში არჩევნებში ჩასარევად მიემართებოდა. ახლა ვხედავთ, რომ გარკვეულად სხვა ფონდებით ჩანაცვლება ხდება. ამ საკითხზე დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცხადებული გრანტი ვნახეთ, რაც აჩვენებს, რომ მართალია, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია შეიცვალა, თუმცა ისევ პოლიტიკური ჯგუფები რჩებიან, რომლებიც ცდილობენ, ფული გამოიყენონ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების არჩევნებზე გავლენა მოახდინონ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, პირადად მე, კორუფციასაც ვეჭვობ. ეს გამოცხადებულია, როგორც კონკურსი. აქ ვართ და მთელი მოსახლეობა დაინახავს, რომ ამ ფულს ისევ "ისფედი" მიიღებს. ჩემი აზრით, უკვე წინასწარ ცნობილია, ვის უნდა გადაეცეს ეს ფული. თუ არადა, დადასტურდება, იქნებიან თუ არა იგივე ორგანიზაციები, რომლებიც აქამდე არჩევნებთან დაკავშირებულ ანგარიშებს დადასტურებულად აყალბებდნენ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პროცესს დააკვირდებიან და მოსახლეობაც ნახავს, რომ ესეც “ფარსია, თითქოს რაღაც კონკურსი ცხადდება და ორგანიზაციები მონაწილეობას მიიღებენ.
“სიტუაცია გვექნება, რომ მილიონერი "ენჯეოები" ამ ფულს მიიღებენ, რადგან უკვე წინასწარ არის განსაზღვრული, ამ ფულს ვინ მიიღებს. ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადება ვნახეთ, როდესაც მათ ქართველი მოსამართლეების მიმართ გარკვეული შეზღუდვები შემოიღეს, კორუფციასთან ბრძოლით გაამართლეს. ჩემი აზრით, ეს არის მაგალითი, რაც დადასტურდება, რომ აქ არის კორუფციული ხასიათის გარიგებები, როცა წინასწარ ცნობილია, ვის უნდა მისცენ თანხა. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა ფართოდ დამკვიდრებულია ზოგიერთ დონორ ორგანიზაციაში, როცა კონკურსები ცხადდება და სინამდვილეში, ეს მხოლოდ თვალთმაქცობაა და განსაზღვრულია, ან თანხას ვინ მიიღებს. ხედავთ, რომ მილიონები აკუმულირდება ხუთი-ექვსი "ენჯეოს" ჯიბეში”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, დიდმა ბრიტანეთმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. კერძოდ, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ FCDO (საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების ოფისი) აცხადებს კონკურსს ქართული არაკომერციული ორგანიზაციებისთვის 2025 წლის 25 აპრილამდე, რათა მხარი დაუჭიროს 2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეფექტურად ჩატარებას.