ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის სურვილს ადასტურებს. როგორც ბანკის მეწილემ BM.ge-თან განაცხადა, მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც „ბაზის ბანკთან“, ისე სხვა ბიზნეს-ჯგუფებთან. ამასთან, ის არც სხვა "პატარა ბანკის" შეძენას და ბაზარზე გამსხვილებას არ გამორიცხავს.

- მოლაპარაკებებს ვადასტურებ, მაგრამ არსად ახლოს არ ვართ გარიგებასთან. "ბაზისბანკთან“ მოლაპარაკებებს რაც შეეხება, ორი წლის წინაც ვესაუბრებოდით. გიდასტურებთ. ველაპარაკები „ბაზისბანკს“ და კიდევ ორ სხვა კომპანიას. სამი წლის განმავლობაში „ბაზისბანკს“ უკვე მეორედ ველაპარაკებით; ამიტომ არაფერთან ახლოს არ ვართ, გარდა იმისა, რომ მთელმა თბილისმა დაიწყო ამაზე საუბარი. თუ რამესთან ახლოს მივედით, განცხადებას გავაკეთებთ. როგორც იცით, ჩვენ (კომპანია "ჰანიველ პარტნერსი") ვართ კერძო ინვესტიციების კომპანია და 5 წლის შემდეგ ინვესტიციის გაკეთებიდან ჩვენი აქტივები ბაზარზე გამოგვაქვს. ამიტომ „ბაზის ბანკსაც“ ველაპარაკები და სხვასაც; არ მინდა ახლა დასახელება, მაგრამ კიდევ ორი ჯგუფია, რომელიც „ლიბერთის“ შეძენაზე გვესაუბრება...

- ქართული ჯგუფია თუ ჩინური?

- არც ქართულია და არც ჩინური...

- ევროპული?

- დიახ, დაახლოებით... ერთი არაბული ჯგუფია და მეორე ევროპული. შარშან ერთ ევროპულ ბანკთან ახლოს მივედით გარიგებასთან, მაგრამ ბოლოში ვერ გავედით. კომპანიების ყიდვა და გაყიდვა ჩვენი ბიზნესია და მუდმივად რაღაცას ვყიდით ან რაღაცას ვყიდულობთ...

- მოკლედ, ადასტურებთ, რომ ამ ეტაპზე თქვენს ჯგუფს „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვა გსურთ?

- ამ ეტაპზეც მსურს, შარშანაც და შარშანწინაც მსურდა და ორი წლის მერეც გვენდომება...

- პერიოდულად აქტუალური ხდება „ლიბერთის გაყიდვაზე“ თქვენი ჯგუფის სურვილი...

- სულ აქტუალურია, სულ ვეძებთ პარტნიორს; 5 წელი რომ გავა ბიზნესის დაწყებიდან, რომ გავიგო აზრიან რაღაცას ვაკეთებ თუ არა, ბაზარზე უნდა იყოს ბიზნესი, რომ გვესმოდეს სხვასაც აინტერესებს თუ არა. სხვას თუ არ აინტერესებს, ვერ შეგვიქმნია ღირებულება. ეს რომ გვესმოდეს, ბაზარზე უნდა ვიყოთ და პოტენციურ მყიდველებს ველაპარაკებოდეთ. ჩვენ რამდენიმე საინვესტიციო ბანკიც კი გვყავს აყვანილი „რაიფაიზენი“ და “როთშილდი”, რომლებიც ჩვენი აქტივების მარკეტინგში გვეხმარებიან, რამდენიმე წელიწადია. ვინმე საინტერესო მყიდველი თუ გამოჩნდება, ჩვენთან მოჰყავთ, ამიტომ ამაში ახალი არაფერია. მეტიც, ვინმე თუა საინტერესო რომ ვიყიდოთ, იმათაც გვაცნობენ. უბრალოდ, ახლა გამოვიდა ინფორმაცია, რომ „ბაზის ბანკთან" ვლაპარაკობ და არამარტო მასთან...

- სხვა ქართულ ბანკებსაც ესაუბრებით?

- გაგიკვირდებათ, მაგრამ ვიღაცას ყიდვაზეც ველაპარაკებით ანუ მე ღია ვარ გაყიდვაზეც და შეიძლება, ვიღაც ჩემზე პატარა ბანკიც ვიყიდო... მოკლედ, ვიღაცას ველაპარაკები მათ ყიდვაზე და „ბაზისბანკის“ გარდა კიდევ ორს - „ლიბერთის“ გაყიდვაზე. ზეგ მექნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზარი ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან, რომელთანაც ჯერ არ მილაპარაკია და როგორც მითხრეს, მათაც "ლიბერთის" ყიდვა აინტერესებთ.

- უფრო გაყიდვა გინდათ „ლიბერთი ბანკის“ თუ გამსხვილება?

- თუ კარგი წინადადება იქნება, გავყიდი, თუ არადა უნდა გავმსხვილდებით და მაშინ "ლიბერთი" შეიძენს სხვა ბანკს. თუ კარგად შევიძენთ სხვა ბანკს, გაერთიანებულ ბანკს ალბათ უკეთესად გავყიდით მომავალში. ამიტომ ოპორტუნისტულად სულ ვიღაცას ყიდვაზეც ველაპარაკები და გაყიდვაზეც...

- და მაინც, უფრო პრიორიტეტული რომელია თქვენთვის - "ლიბერთის" გაყიდვა და თუ სხვა ბანკის ყიდვა და ბაზარზე მესამე პოზიციის განმტკიცება?

- რომელი გარიგებაც მეტ ღირებულებას შეგვიქმნის, მე და ჩემს პარტნიორებს...

- ხომ არ უკავშირდება „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის საკითხის გააქტიურება თქვენი დასანქცირების რისკებს?

- არა, რა თქმა უნდა... ჩემი ყველა კომპანია აბსოლუტურად დაცულია სანქციებისგან. მე რომ დამასანქცირონ, მაინც დაცულია ჩემი ყველა კომპანია, მაგრამ სანქციები არ მემუქრება და არც მადარდებს, თორემ აქამდე გავყიდიდი ჩემს აქტივებს...

- თუმცა საბანკო სექტორი უფრო სენსიტიური ბიზნესია...

დიახ, მაგრამ მე ამ ბანკში პატარა წილი მეკუთვნის.

ვრცლად: bm.ge