მიმდინარე წლის აპრილში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა და 14.1% შეადგინა. უფრო კონკრეტულად ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 14.0%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 11.0%-მდე გაიზარდა.

უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო მეტად გაზრდას პროგნოზირებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.

„უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე საპროცენტო განაკვეთებს მზარდი ხასიათი აქვს, რაც პირდაპირ კავშირშია ამერიკისა და ევროპის ცენტრალური ბანკების მონეტარულ პოლიტიკასთან. ამის შედეგად კი უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის აქტივობა შემცირდება.

უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთების ზრდას ხელს შეუწყობს ასევე ეროვნული ბანკის მიერ რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის 40%-დან 80%-მდე გაზრდის გადაწყვეტილებაც. ყველაზე პესიმისტური მოლოდინით, წელს დაახლოებით 3%-მდე შეიძლება გაიზარდოს საპროცენტო განაკვეთები.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, ლარში საპროცენტო განაკვეთები უნდა შემცირდეს და წლის ბოლომდე ველოდებით, რომ შემსუბუქდება მონეტარული პოლიტიკა უფრო მეტად, ხოლო საპროცენტო განაკვეთები შემცირდება“, - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

2023 წლის აპრილში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 13.2%-ით გაიზარდა. აპრილში, ლარით დაკრედიტება წლიურად 15.8%-ით, 24.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 7.9 პპ-იანი წვლილი შეიტანა.