თუ საჭირო იქნება რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდება გამოძიებისთვის ან კითხვებზე პასუხის გაცემა, ნებისმიერი ჩვენგანი ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ - მეც პირადად ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება. ჯერჯერობით არ მოუმართავთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თუკი ვინმე არის დაინტერესებული, რომ სიმართლე გაირკვეს, ეს პირველ რიგში ეროვნული ბანკია.
“რაც შეეხება ჩვენი ბორდის აწ უკვე ყოფილი წევრის, ქალბატონ ნანა ყეინიშვილის საქმეს - რა თქმა უნდა, საკმაოდ სამწუხარო ფაქტია. მინდა დაგიდასტუროთ, რომ თუკი ვინმე არის დაინტერესებული იმით, რომ დროულად გაირკვეს სიმართლე, ეს არის, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი, ჩვენი ბორდი და პირადად მე, იმიტომ, რომ ჩვენი რეპუტაციული სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი. როგორც კი ხელთ მოგროვდა საჩივრები და საეჭვო ფაქტები, თავად ჩვენი ინიციატივით გადავაგზავნეთ ეს სამართალდამცავ ორგანოებში, პროკურატურაში, სადაც აღიძრა საქმე. ეს გავაკეთეთ ბევრად ადრე, ვიდრე ეს ფაქტები საჯარო გახდებოდა. ამაშიც გამოიხატება ჩვენი ძლიერი ინტერესი. თუ ამ პროცესში საჭირო იქნება რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდება გამოძიებისთვის, ან კითხვებზე პასუხის გაცემა, ნებისმიერი ჩვენგანი, ისევე როგორც ნებისმიერი საჯარო მოხელე, ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ და მეც პირადად ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება. ჯერჯერობით არ მოუმართავთ,” - განაცხადა თურნავამ.
ინფორმაციისთვის, ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა. აღნიშნულს წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. პროკურატურის ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს “ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო. „შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას”, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. ამასთან, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა, გამოძიების დასრულებამდე, ნანა ყეინიშვილის აცილების გადაწყვეტილება მიიღო.
Ipn.ge