ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ როცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ნავთობი ძვირდება, განსაკუთრებულით კომიკურია „ქართული ოცნების“ პოპულისტური პოლიტიკა, ვითომ პროდუქტებზე ფასებს ამცირებენ.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, რომ ზოგადად, ეკონომიკაში პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა, ობიექტური რეალობა იმაზე მეტყველებს, რომ ფასების ზრდა გაგრძელდება, საქართველოს მსგავს იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანას კი არ გააჩნია ბერკეტები, პროცესებზე ეფექტიანი გავლენა მოახდინოს.
„ამ ეტაპზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი და პრინციპში, ეროვნული ბანკიც ფიქრობს, რომ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ფასები ზრდას გააგრძელებს და დიდწილად ეს ყველაფერი ახლო აღმოსავლეთის კრიზისს უკავშირდება. რა მოხდება ირანში, არ ვიცით და შესაბამისად, ამაზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ზოგადად, ინფლაცია ძალიან არის დამოკიდებული ენერგომატარებლის ფასებზე, კერძოდ, ნავთობის, გაზის ფასი როცა მატულობს, იზრდება ყველაფერი, რადგან ბევრი რაღაცის თვითღირებულებაში შედის. ამდენად, ეს აისახება საქართველოს ინფლაციაზეც, რადგან იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და როცა საერთაშორისო ბაზარზე ფასები იზრდება, ჩვენთანაც იზრდება. ასევე, ჰორმუზის სრუტე გაიხსნება თუ არა, ძალიან ბევრი რაღაც იქნება დამოკიდებული. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენი შიდა ამბებიც გვაქვს - გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი, რაც პირდაპირ ნიშნავს ფასების ზრდას. შესაბამისად, ეს ცოტა წინააღმდეგობაში მოდის „ქართული ოცნების“ დეკლარირებულ პოზიციასთან, რომ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ. სხვა შემთხვევაში, ამ კრიზისულ პირობებში დენის ტარიფის ზრდა არ უნდა მომხდარიყო. ასევე, არ უნდა მიეღოთ სხვა სიგიჟე გადაწყვეტილებები. ყველა ნაბიჯი, რასაც მთავრობა დგამს, არის მიმართული იქით, რომ ფასები გაიზრდება“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.
მისივე თქმით, თუ ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია არ დასტაბილურდა, ნავთობის ფასი არ გაიაფდა, ქვეყანაში ფასების ზრდის შენელებისთვის ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდა მოუწევს.
„ეროვნულ ბანკს ბევრი პრობლემა აქვს, განსაკუთრებით „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლობის ნაწილში, თუმცა მისი ქმედებები თანმიმდევრული არის, კი. ალბათ, უკვე მზად იყო, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაეზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების ზრდას შეანელებს, თუმცა იმდენად, რამდენადაც ბუნდოვანია სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, ჯერჯერობით მიიღეს გადაწყვეტილება, განაკვეთი არ გაზრდილიყო. თუ ეს სიტუაცია გაგრძელდა, აუცილებლად გაზრდიან. ერთი კია, ეროვნული ბანკის ასეთი გადაწყვეტილებები უფასო არ არის - კი, ინფლაციას მიეხმარება იმ თვალსაზრისით, რომ ფასები შეიძლება უფრო ნელა გაიზარდოს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ფული ძვირდება, ასობით ათას ადამიანს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხები უძვირდება. ამასთან, თუ დიდხანს გაგრძელდა მონეტარული პოლიტიკის მაღალი განაკვეთი, ჩვეულებრივი სესხებიც გაძვირდება. საქართველოს მსგავს ქვეყანაში ეროვნულ ბანკს ძალიან ბევრი ბერკეტიც არ აქვს, რადგან ვართ იმპორტზე დამოკიდებული და ნავთობზე თუ ფასები იზრდება, ჩვენ ვერაფერს ვშვრებით. ამ ფონზე კიდევ უფრო კომიკურია „ქართული ოცნების“ პოპულისტური პოლიტიკა, ვითომ პროდუქტებზე ფასებს ამცირებენ. რომც დააკლებინონ სუპერმარკეტებს 5 თეთრი, პირობითად, კვერცხზე, ზეთსა და პურზე, ამის დასაბალანსებლად სხვა პროდუქტები გაძვირდება და ჯიბეზე მაინც ვერაფერს ვიგრძნობთ. არ მუშაობს ეკონომიკა ასე“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.