"საქართველოში საპროცენტო განაკვეთები შესაძლოა, იყოს უფრო მეტი იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ფულის მოზიდვა ჯდება იაფი, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლებია იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც უფრო ჰგავს ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას," - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "შენობით ბიზნესთან" განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების ნაწილს ნეგატიური დამოკიდებულება არა ბანკის, არამედ საბანკო სერვისების მიმართ აქვს, რომლის გამოსწორებაზე საბანკო სექტორი აქტიურად მუშაობს.

ალექსანდრე ძნელაძე ფიქრობს, რომ საბანკო სექტორი საქართველოში ყველაზე გამჭვირვალე სექტორია.

როგორი იყო 2025 წელი საბანკო სექტორისთვის? რა დინამიკა აჩვენა?

2025 წელს მოგების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. 2024 წელს სტანდარტულზე უფრო მაღალი ზრდის მაჩვენებელი იყო, ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. წელს პროცესები შენელდა, მაგრამ ეს შენელება არ ნიშნავს, რომ რაიმე ცუდი ხდება. ეს არის სტანდარტული რეაგირება იმ პროცესებთან მიმართებაში, რომ სტაბილურდება პროცესი და სტაბილური ზრდა გრძელდება. წლევანდელი მაჩვენებლებით, საბანკო სექტორი გაიზარდა იმაზე მეტად, ვიდრე მოლოდინები იყო. მოლოდინები იყო 10-იდან 15%- მდე, პრაქტიკულად, შეიძლება ვთქვათ, რომ წლის ბოლომდე ძალიან კარგი წელი იქნება მთლიანად საბანკო სექტორისთვის.

ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ავტომატურად აისახება საბანკო სექტორზე. ეკონომიკა თუ იზრდება, საბანკო სფეროც იზრდება, ეკონომიკას თუ უჭირს, პრობლემები აქვს საბანკო სექტორსაც. დღეის მდგომარეობით, ეკონომიკა ჯანსაღად ვითარდება.

აქ მხოლოდ დავსვამდი კითხვებს, რომ თუ 2024 წლამდე მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი მკვეთრად იზრდებოდა, 2024- 2025 წელს ასე აღარაა, თუმცა ამას აქვს თავისი ახსნა. მაგალითად, საცალო ბიზნესი უფრო მეტად იზრდება. რომ ჩამოვაყალიბოთ, იზრდება საცალო მიმართულება, კორპორატიული სესხები და მხოლოდ შემდეგ არის მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება.

ვრცლად ბიზნესპრესნიუსზე