ფრანგულმა ბანკმა Societe Generale SA-მ 2023 წლის პირველ კვარტალში, წმინდა საპროცენტო მარჟის შემცირების ფონზე, შეამცირა შემოსავალი, მაგრამ წმინდა მოგება წლიური თვალსაზრისით 5,7%-ით გაზარდა.

კომპანიის პრესრელიზის მიხედვით, წმინდა მოგებამ იანვარ-მარტში 868 მილიონი ევრო შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 821 მილიონი ევროსთან შედარებით. წმინდა საბანკო შემოსავალი 5,3%-ით - 6,671 მილიარდ ევრომდე შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

საფრანგეთის საცალო ვაჭრობის სეგმენტის შემოსავალი ყველაზე მეტად - 11%-ით და 1,932 მილიარდ ევრომდე შემცირდა.

FactSet-ის მიერ გამოკითხულმა ანალიტიკოსებმა, საშუალოდ, ბანკის მოგება 470 მილიონი ევროდ შეაფასეს, შემოსავალი - 6,755 მილიარდად.

ბანკის პირველი კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი (CET1) მარტის ბოლოს უცვლელი დარჩა წინა კვარტალთან შედარებით და 13.5% შეადგინა.

Societe Generale-ის საბაზრო ღირებულება ბოლო სამი თვის განმავლობაში 17,9%-ით დაეცა (16,08 მილიარდ ევრომდე), ხოლო CAC 40 საფონდო ინდექსი 2,7%-ით გაიზარდა.