ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას „შენი საგადასახადო მრჩეველი“.
„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.
10 მაისის გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე უძღვებოდა, სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსს მიეძღვნა.
რას წარმოადგენს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი და როგორ ხდება მისი მინიჭება.
სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის შეიძლება მიენიჭოს საწარმოს, რომელიც შექმნილია მოგების გადასახადისაგან გათავისუფლების მიზნით და ახორციელებს სპეციალურად ამ სტატუსისათვის ნებადართულ საქმიანობას.
სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებელია, რომ იურიდიულმა პირმა შესაბამისი მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართოს რეგისტრაციიდან 1 თვის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს საქმიანობის განხორციელების დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში სტატუსის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოსათვის ნებადართული ძირითადი ოპერაციებია:
- საბაჟო საწყობიდან უცხოური საქონლის რეექსპორტი;
- საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის მიწოდება როგორც სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე, ისე ამ სტატუსის არმქონე საწარმოებისთვის;
- საბაჟო საწყობში შემდგომი რეექსპორტის ან/და მიწოდების მიზნით არანაკლებ საბაჟო ღირებულებით უცხოური საქონლის შესყიდვა სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის არმქონე საწარმოსაგან;
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა სპეციალური სავაჭრო კომპანიას შეუძლია მიიღოს სხვა სახის შემოსავალიც. ესენია:
- შემოსავალი, რომელიც საგადასახადო კოდექსით განთავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან;
- შემოსავალი მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებიდან;
- შემოსავალი, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, რომელიც საქართველოში არსებული წყაროდან საგადასახადო წლის მიხედვით აღემატება 1 მილიონ ლარს და მის მიერ საქართველოში შემოტანილი უცხოური საქონლის საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს.
რომელია სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოსათვის აკრძალული საქმიანობები. გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძის განმარტებით, ესენია:
- საქონლის იმპორტი საქართველოში, გარდა ამ საწარმოს ძირითადი საშუალებისთვის განკუთვნილი იმპორტისა;
- საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს საქონლის შესყიდვა შემდგომი მიწოდების მიზნით;
- მომსახურების გაწევა საქართველოს საწარმოსათვის/ინდივიდუალურ მეწარმისათვის ან/და საქართველოში უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებისათვის;
- ჰქონდეს საბაჟო საწყობი.
გადასახადის გადამხდელის მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიიდან უცხოური საქონლის შესყიდვის შემთხვევაში, მის მიერ ერთობლივი წლიური შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი არ შეიძლება იყოს ამ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე მეტი. ეს შეზღუდვა არ ეხება მყიდველის მიერ გაწეულ იმ ხარჯებს, რომლებიც აქტივის ღირებულებას მიეკუთვნება და არ უკავშირდება სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს.
სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი უქმდება იმ კალენდარული წლისათვის, რომელსაც საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუთითებს განცხადებაში სტატუსის გაუქმების თაობაზე. ამასთანავე, განცხადება წარდგენილი უნდა იქნას შესაბამისი წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.