ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას „შენი საგადასახადო მრჩეველი“.
„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.
19 ივლისის გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე უძღვებოდა საგადასახადო სამართალდარღვევებს მიეძღვნა.
რას წარმოადგენს საგადასახადო დარღვევა
ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებელი სუბიექტისთვის აუცილებელია ზოგადი ცოდნა საგადასახადო სამართალდარღვევების სახეების, მათი წარმოშობის მიზეზებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობების შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით სამართალდარღვევად ითვლება პირის მიერ ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამავე კოდექსით დადგენილ ნორმებს. შესაბამისად, ასეთი ქმედებებისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობა.
ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისთვის სუბიექტს დაეკისრება სანქცია, რომელიც შეიძლება იყოს გაფრთხილება, საურავი, ფულადი ჯარიმა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა და ა.შ.
საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო და სანქციის დარიცხვის საფუძვლები და წესებიც განსაზღვრულია მხოლოდ საგადასახადო კოდექსის მიხედვით.
განვიხილოთ რამდენიმე საგადასახადო სამართალდარღვევა და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ნორმები:
- სანქცია სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესის დარღვევაზე - პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, – იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით
- სანქცია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე - საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რაც შეაფერხებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას, იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით. ყოველ გამეორების შემთხვევაში კი 2000 ლარის ოდენობით.
- სანქცია ყადაღდადებული ქონების განკარგვაზე - საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, პირის მიერ ყადაღადადებული ქონების განკარგვა, ასევე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ლუქის ახსნა იწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით
- სანქცია საგადასახადო ორგანოსთვის ონფორმაციის წარუდგენლობაზე -თუ პირი საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე არ წარადგენს სააღრიცხო დოკუმენტაციას ან დაბეგვრასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ის დაჯარიმდება 400 ლარის ოდენობით. ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 1000 ლარის ოდენობით.
საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე − იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
- სანქცია გადასახადის უკანონოდ ჩათვლაზე - უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება - იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200% ოდენობით.
- სანქცია საკონტოლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევაზე -მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა, მისი გამოუყენებლობა ან ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება - იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. სალარო აპარატის დაკარგვა კი იწვევს პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
ავტოგასამართ, აირგასამართ ან/და აირსავსებ საკომპრესორო სადგურში მადოზირებელ ან/და მრიცხველ მექანიზმზე საგადასახადო ორგანოს ლუქის არქონა ან დაზიანებული ლუქის ქონა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. ეს ქმედება, ჩადენილი განმეორებით – იწვევს დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 15 000 ლარის ოდენობით.
- სანქცია დღგ-ისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაზე - დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
ასევე საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მყიდველის მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუცემლობა იწვევს პირის დაჯარიმებას დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. ხოლო ყალბი ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს დაჯარიმებას ამ დოკუმენტში ასახული დღგ-ის თანხის 200 % ოდენობით.
- სანქცია საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებაზე, რეალიზაციასა და აღურიცხველობაზე - სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, ასევე მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ზრდა განისაზღვრება საგადასახადო კოდექსის მიხედვით და მისი ოდენობა დამოკიდებულია ზედნადების გარეშე გადაადგილებული საქონლის სახეობასა და მთლიან ღირებულებაზე.