ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას „შენი საგადასახადო მრჩეველი“.
„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.
26 აპრილი გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე უძღვებოდა, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსს მიეძღვნა.
ვინ არის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი და რომელია ამ სტატუსით განსაზღვრული საქმიანობები
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.
ასეთი საქმიანობებია:
- თონეში წარმოებული საქონლის მიწოდება ან/და თონეთი მომსახურების გაწევა. ამ შემთხვევაში გადასახადი კალენდარული თვის განმავლობაში შეადგენს 50 ლარს ერთ თონეზე;
- თმის შეჭრის მომსახურება, რა შემთხვევაშიც ერთ სამუშაო ადგილზე (სკამზე, მაგიდაზე ან სავარძელზე) გადასახადი კალენდარული თვის განმავლობაში შეადგენს 50 ლარს;
- მანიკიურის და პედიკიურის მომსახურება, რა შემთხვევაშიც გადასახადი ერთ სამუშაო ადგილზე (სკამზე ან მაგიდაზე) კალენდარული თვის განმავლობაში შეადგენს 30 ლარს;
- სოლარიუმის მომსახურება, ამ შემთხვევაში ერთ სამუშაო ადგილზე (ანუ სოლარიუმის კაბინაზე) გადასახადი კალენდარული თვის განმავლობაში შეადგენს 70 ლარს;
- ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისას გადასახადი 1 ავტომობილის მომსახურებისათვის განკუთვნილ სამუშაო ადგილზე შეადგენს 100 ლარს; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება, რამდენი ავტომობილის მომსახურებისთვისაა განკუთვნილი სამუშაო ადგილი – 100 ლარი გადაიხდება ყოველ 40 კვ.მ-ის ფართობზე.
საქართველოს მთავრობის მიერ ასევე განსაზღვრულია საქმიანობის სახეები, რომლებიც 3 პროცენტიანი განაკვეთი იბეგრება.
ფიქსირებული გადასახადის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე, ხოლო გადასახადის გადახდა ხორციელდება საანგარიშო თვის დაწყებამდე.
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მსურველი პირი საგადასახადო ორგანოს განცხადებით მიმართავს საანგარიშო წლის ნებისმიერ თვეს. რის შემდეგაც იგი ამ სტატუსის მქონედ ჩაითვლება სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია განახორციელოს სხვა საქმიანობაც, თუმცა მისგან მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება საერთო წესით დაბეგვრას.
გასათვალისწინებელია, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას მიუთითოს მისი სტატუსის შესახებ. ასევე, ის თავისუფლდება ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.
„გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსმა საგადასახადო კონსულტანტმა დამატებითი საქმიანობის ნაწილში მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების უფლების საკითხიც მიმოიხილა.
თუ ფიზიკური პირი, დამატებით ახორციელებს სხვა საქმიანობას და აკმაყოფილებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმთან ერთად დამატებით განხორციელებული საქმიანობის ნაწილში, ისარგებლოს სპეციალური დაბეგვრის სხვა რეჟიმით (რომელიცაა მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსი). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით განხორციელებული საქმიანობის ნაწილში მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემთხვევაში, ამ სტატუსებისათვის დადგენილი წლიური ერთობლივი შემოსავლის ზღვრული ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალიც.
რა შემთხვევაში უქმდება სტატუსი
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, შემდეგ შემთხვევებში:
- თუ პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას
- თუ პირი ახორციელებს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობისგან განსხვავებულ საქმიანობას
- თუ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად.