ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას „შენი საგადასახადო მრჩეველი“.
„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.
14 ივნისის გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე უძღვებოდა, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს მიეძღვნა.
რას წარმოადგენს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი
ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველომ აიღო ვალდებულება, ევროპულ რეგულაციებთან დაეახლოვებინა საბაჟო პროცედურები. შედეგად 2023 წელს განხორციელდა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის დანერგვა. აღნიშნული დაფუძნებულია საბაჟოსა და ბიზნესს შორის პარტნიორობაზე. ნებისმიერ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საბაჟო ფორმალობებთან შეუძლია მოითხოვოს აღნიშნული სტატუსი, რისთვისაც აუცილებელია გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება. ესენია:
- მნიშვნელოვანი დარღვევების არარსებობა
- განხორციელებული ოპერაციების და საქონლის ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა
- გადახდისუნარიანობა და ფინანსური მდგრადობა
- გამოცდილება ან/და პროფესიული კვალიფიკაცია
- დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სათანადო სტანდარტის უზრუნველყოფა და ა.შ.
იმისათვის, რომ სტატუსის მაძიებელმა უკეთ გააანალიზოს ავტორიზაციის მოსაპოვებლად საჭირო პირობები, შესაბამისი მოთხოვნის წარდგენამდე, მას შეუძლია გაეცნოს თვითშეფასების კითხვარს და მის განმარტებებს, რომელიც თან უნდა დაერთოს სტატუსის მიღებისათვის წარდგენილ განცხადებას. აღნიშნული მას დაეხმარება უკეთ შეაფასოს საკუთარი საქმიანობა და განსაზღვროს რამდენად არის მზად სტატუსის მოსაპოვებლად. კითხვარმა შესაძლოა მისცეს მინიშნებები, თუ სად საჭიროებს მისი საქმიანობის პროცესები განვითარებას.
სტატუსის მოთხოვნის შესახებ განცხადებისა და თვითშეფასების კითხვარის წარდგენის შემდეგ საბაჟო ორგანოების თანამშრომლების მიერ განხორციელდება მოცემული დოკუმენტაციის რეალურობასთან შესაბამისობის შემოწმება, გადამხდელის საქმიანობის ადგილზე ვიზიტი და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციების გაწევა. აღნიშნული პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ სუბიექტის მიერ სტატუსის მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
„გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსმა საგადასახადო კონსულტანტმა დავით ღავთაძემ ასევე ისაუბრა იმ შეღავათების შესახებ, რითაც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორები სარგებლობენ.
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორები სარგებლობენ მრავალი გამარტივებებით, ესენია:
- ნაკლები სიხშირით ფიზიკური და დოკუმენტური კონტროლი
- პრიორიტეტულობა და საბაჟო ფორმალობების რიგგარეშე გავლა
- კონტროლის განხორციელება შეთანხმებულ ადგილას
- გაფორმების ადგილზე საქონლის წარუდგენლობა და სხვა.
აღნიშნულ სტატუსს აქვს, ასევე სხვა არაპირდაპირი დადებითი მხარეები. მაგალითად:
- თვითშეფასების კითხვარი კომპანიას მიმართულებას მისცემს თავისი ბიზნეს მოდელის გაუმჯობესებისაკენ.
- ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი საბაჟო ორგანოს პარტნიორ სუბიექტად ჩაითვლება, რაც აამაღლებს მის რეპუტაციასა და კონკურენტუნარიანობას;
- საგადასახადო ორგანო სხვადასხვა სახელმწიფოებთან ახორციელებს ოპერატორების ურთიერთაღიარების შესახებ მოლაპარაკებებს, რათა ოპერატორებს სხვა ქვეყნებშიც გაუმარტივდეთ საბაჟო პროცედურები.
გასათვალისწინებელია, რომ სტატუსის ფლობა ხასიათდება, როგორც უპირატესობებით, ასევე პასუხისმგებლობით. ვინაიდან პარტნიორობა ორმხრივ ნდობას ემყარება სტატუსის მიღების შემდეგ აუცილებელია, რომ კომპანიამ იგი კეთილსინდისიერად შეინარჩუნოს და არ გააუარესოს თავისი ბიზნეს მოდელი. ამის გასაკონტროლებლად პერიოდულად განხორციელდება სტატუსის მქონე სუბიექტების გადაკონტროლება.
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვერ ისარგებლებს გათვალისწინებული გამარტივებებითა და შეღავათებით საშიში ქიმიური ნივთიერებების, ბირთვული და რადიაციული ობიექტების, იარაღებისა და სხვა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საზღვარზე გადაადგილების შემთხვევაში.