ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას „შენი საგადასახადო მრჩეველი“.
„შენი საგადასახადო მრჩეველი“ - „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.
3 მაისის გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე უძღვებოდა, საერთაშორისო კომპანიის სტატუსს მიეძღვნა.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო, რომ მას საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭოს
საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ისეთ საწარმოს, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის N619 დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებს და შემოსავალს მხოლოდ ამ საქმიანობებიდან იღებს. ესენია:
- პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოცემა, მხარდაჭერა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებების გაწევა;
- გემთმფლობელის მიერ ან/და მისთვის გემის ფლობასთან დაკავშირებული კომერციული და ტექნიკური მომსახურებები, რომელთაც ამავე დადგენილების დანართი არეგულირებს.
გაითვალისწინეთ, რომ საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობების სახეები არ მოიცავს საზღვაო გადაზიდვის მომსახურებას.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭება საწარმოს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- აქვს იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელზედაც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით;
- არის არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, რომელსაც აქვს იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელსაც საქართველოს საწარმო ახორციელებს და მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით;
- 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორ საწარმოებს დამოუკიდებლად (თითოეულ პარტნიორს ცალ-ცალკე) აქვთ იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელსაც საქართველოს საწარმო ახორციელებს და რომელზედაც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით.
საწარმოს, რომელსაც სურს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება, სტატუსის ფარგლებში ნებადართულ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს საქართველოში. შესაბამისად, მან საქართველოში უნდა განახორციელოს ძირითადი შემოსავლის მიმღები საქმიანობა, ამისათვის უნდა გააჩნდეს სათანადო ადამიანური რესურსები საჭირო კვალიფიკაციით და უზრუნველყოს შესაბამისი საოპერაციო ხარჯების გაწევა.
„გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსი საგადასახადო კონსულტანტის განმარტებით, გასათვალისწინებელია, ის, რომ ზემოაღნიშნული ნორმების დაკმაყოფილება სტატუსის შენარჩუნების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, თუ საწარმო დაარღვევს მოცემულ ნორმებს, ის შესაძლოა დადგეს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმების რისკის წინაშე. აქედან გამომდინარე აუცილებელია საერთაშორისო კომპანიამ მკაცრად აკონტროლოს ნებადართული საქმიანობის განხორციელებისა და დაქირავებულ პირთა საქართველოში ყოფნის საკითხი.
„გრანთ თორნთონ საქართველოს“ უფროსმა საგადასახადო კონსულტანტმა დავით ღავთაძემ იმ შეღავათებზეც ისაუბრა, რომლითაც საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმო სარგებლობს.
საერთაშორისო კომპანია სარგებლობს რიგი საგადასახადო შეღავათებით, კერძოდ - მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი და მასში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალიც 5 პროცენტით იბეგრება.
გაცემული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება;
კომპანია, ასევე გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება.
თუ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვირტუალური ზონის პირს, ასეთ შემთხვევაში, უქმდება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი.
საერთაშორისო კომპანია არ შეიძლება შეიქმნას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა შემდეგი ხარჯების საქართველოში გაწევის შემთხვევაში:
- საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯით;
ნებადართული საქმიანობის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯებით.