ყოველ ოთხშაბათს 10:10 საათზე რადიო კომერსანტი თავის მსმენელს სთავაზობს რუბრიკას  „შენი საგადასახადო მრჩეველი“.
„შენი საგადასახადო მრჩეველი“ -  „კომერსანტისა“ და კომპანია „გრანთ თორნთონის” ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.
31 მაისის  გადაცემა, რომელსაც „გრანთ თორნთონ საქართველოს“ საგადასახადო მიმართულების მენეჯერი ნათია ჩაგანავა უძღვებოდა, საშემოსავლო გადასახადის თემას მიეძღვნა.

რა არის საშემოსავლო გადასახადი და ვინ არიან გადამხდელები

საშემოსავლო გადასახადი არის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადი, რომლის გადამხდელს წარმოადგენენ რეზიდენტი ფიზიკური პირები, ასევე არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც შემოსავალს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან.

განვსაზღვროთ ვინ არის რეზიდენტი და არა რეზიდენტი პირები:

საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული  თვის პერიოდში.

არარეზიდენტი არის პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი.

რა განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის შემოსავლები?

ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, გარდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ცალკეული სახის შემოსავლებისა.

აღნიშნული განაკვეთისგან განსხვავებული განაკვეთით იბეგრება შემდეგი სახით მიღებული შემოსავალი:

  • ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება, თუ მის მიერ მოხდა საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავება.
  • თუ ფიზიკური პირის მიერ მოხდა საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია და ამ რეალიზაციდან წარმოიშვა ნამეტი, მიღებული ნამეტი იბეგრება 5 პროცენტით.
  • ფიზიკური პირის მიერ აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 10 პროცენტით.

 „გრანთ თორნთონ საქართველოს“ საგადასახადო მიმართულების მენეჯერის ნათია ჩაგანავას განმარტებით, ფიზიკურ პირს, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციის წარდგენის და შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის გადახდის  ვალდებულება აქვს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.

მაგალითისთვის ფიზიკურ პირს 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის წარგდენის ვალდებულება გააჩნია 2024 წლის 1 აპრილამდე.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  2024 წლიდან  არამეწარმე ფიზიკური პირისთვის, რომელიც აქტივის რეალიზაციით მიღებული შემოსავლიდან არ ახორციელებს გამოქვითვებს, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდად განისაზღვრა კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა. შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენის და შესაბამისი საშემოსავლო გადახდის  ვადად  განისაზღვრა არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი.

მეტი სიცხადისთვის განვიხილოთ მაგალითი, თუ ფიზიკური პირის მის საკუთრებაში არსებულ ბინას გაყიდის 2024 წლის აპრილის თვეში და ამ გაყიდვიდან წარმოეშვება ნამეტი პირობითად 10 000 ლარის ოდენობით. ფიზიკური პირი ვალდებულია აღნიშნული ოპერაციაზე განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება, კერძოდ წარადგინოს დეკლარაცია 2024 წლის 15 მაისამდე და გადაიხადოს შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი  500 ლარის ოდენობით,"- აღნიშნა ნათია ჩაგანავამ.

მეწარმე ფიზიკური პირები, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;

არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.

ასევე, მეწარმე ფიზიკურ პირს, როგორც საგადასახადო აგენტს ევალება ცალკეული სახის განაცემის განხორციელებისას გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება , თუ

  • დაქირავებულს გადაუხადა ხელფასი (მათ შორის, სარგებელი)
  • ფიზიკური პირისგან მიღებული მომსახურების სანაცვლოდ განახორციელა ღირებულების ანაზღაურება. 
  • ფიზიკურ პირს ან  ორგანიზაციას გადაუხადა  პროცენტი.
  • რეზიდენტი ფიზიკური პირს (გარდა დღგის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) გადაუხადა  როიალტი.
  • ფიზიკური პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონება გადასცა  უსასყიდლოდ.
  • აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მომწყობი პირის მიერ მოთამაშეზე სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან თანხის გაცემისას;
  • ფიზიკური პირისგან  შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების შეძენის შემთხვევაში განხორციელდება  ღირებულების ანაზღაურება.
  • არარეზიდენტისათვის თანხების გადახდისას, თუ არარეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა იმ შემოსავლისა, რომელიც მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, მათ შორის არარეზიდენტს გადაუხადა:

     *პროცენტი
     *როიალტი,
     *ხელფასი;  
     *საიჯარო მომსახურების თანხა ან გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად

საგადასახადო აგენტი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთან, თუ აღნიშნული თარიღი არასამუშაო დღეს ემთხვევა, დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა გადაიწევს შემდეგი სამუშაო დღის დასრულებამდე.