საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში ცვლილებები შეიტანა. ახალი რეგულაციით, სექტორის წარმომადგენლებისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალისა და რისკების მართვის ჩარჩოსთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრა.
ცვლილებები 2026 წლის 26 აგვისტოს გამოცემული ბრძანებით დამტკიცდა. ახალი წესის მიხედვით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს საქმიანობის მიმართულების შესაბამისად, განსაზღვრული ოდენობის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის შენარჩუნება დაევალებათ.
კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლისა და/ან გადაცემის მომსახურების განმახორციელებელი კომპანიებისთვის ეს მაჩვენებელი მინიმუმ 150 000 ლარს შეადგენს. ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირების მომსახურების შემთხვევაში მოთხოვნა 350 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო სხვა ტიპის მომსახურების მიმწოდებლებისთვის – არანაკლებ 250 000 ლარით.
იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერი რამდენიმე ტიპის მომსახურებას ახორციელებს, მას ყველაზე მაღალი კაპიტალური მოთხოვნის შესაბამისი ოდენობის საზედამხედველო კაპიტალის შენარჩუნება მოუწევს.
ცვლილებები ასევე რისკების მართვის სისტემას ეხება. პროვაიდერებს საოპერაციო და კიბერუსაფრთხოების რისკების კონტროლი, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მდგრადობის უზრუნველყოფა და თაღლითობისა თუ სისტემების არამართლზომიერი გამოყენების საფრთხეების მართვა დაევალათ.
ახალი მოთხოვნების ფარგლებში კომპანიებმა ბიზნესუწყვეტობისა და IT ინფრასტრუქტურის აღდგენის გეგმებიც უნდა შეიმუშაონ. კრიტიკულ საინფორმაციო სისტემებზე შეღწევადობის ტესტირება ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს, ხოლო სხვა სისტემებისა და ინფრასტრუქტურის შემოწმება რისკზე დაფუძნებული მიდგომით, თუმცა მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ იქნება სავალდებულო. ამასთან, სისტემების სისუსტეების სკანირება პროვაიდერებმა წელიწადში სულ მცირე ორჯერ უნდა განახორციელონ.
წესის თანახმად, საქმიანობის დაწყებამდე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერს დანერგილი უნდა ჰქონდეს ელექტრონული სისტემა, რომელიც საეჭვო და ერთმანეთთან დაკავშირებული გარიგებების ავტომატურად გამოვლენას შეძლებს.
უკვე რეგისტრირებულ პროვაიდერებს ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გარდამავალი პერიოდი მიეცათ. რისკების მართვის ჩარჩოსთან დაკავშირებული ვალდებულებები მათ 2027 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა შეასრულონ, ხოლო მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა 2027 წლის 1-ელ სექტემბრამდე განესაზღვრათ.