საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკების ლიცენზირების წესები დაამტკიცა. შესაბამისად, ამჟამად მიკრობანკების დაფუძნება და ლიცენზირება უკვე შესაძლებელია.

მიკრობანკის სტატუსის მიღებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციები: MBC, კრისტალი და ლაზიკა კაპიტალია დაინტერესებული. ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა არ გამორიცხავს, რომ დაინტერესება სხვა ბანკების მხრიდანაც გაიზარდოს. 

„დაახლოებით სამი ორგანიზაციაა, ვისაც აქვს მიკრობანკის სტატუსის მიღების სურვილი, თუმცა არ გამოვრიცხავ ამ ორგანიზაციებს სხვებიც დაემატონ, მათ შორის ახალი ორგანიზაციები, რომლებიც დღეს ბაზარზე არ არიან.

მიკრობანკების ჩარჩო შედარებით შერბილებული ზედამხედველობით სარგებლობს, ვიდრე კომერციული ბანკის ჩარჩო. იქ ზედამხედველობა გაცილებით მკაცრია, თუმცა მისაღწევად, რომ ამით არ შეიქმნას რისკები როგორც საფინანსო სექტორში, ისე მომხმარებლებისთვის, დამზოგველებისთვის, დეპოზიტარებისთვის, არის შეზღუდვები ჩადებული. ეს შეზღუდვები ეხება მაგალითად, დეპოზიტის მაქსიმალურ ოდენობას, რაც არ უნდა აღემატებოდეს დეპოზიტების დაზღვევის ჩარჩოთი განსაზღვრულ ოდენობას.

ასევე თუ მიკრობანკს ექნება გარკვეული აქტივების მოცულობა დაგირავებული, მას არ ექნება დეპოზიტების მოზიდვის უფლება. ეს მიზნად ისახავს იმას, რომ მიკრობანკის გაკოტრების შემთხვევაში დეპოზიტარს არ შეექმნას საფრთხე, რადგან ეს აქტივები გამოიყენება სხვა სესხის უზრუნველყოფად, შესაბამისად დეპოზიტარებისთვის შეიძლება აღარ დარჩეს აქტივი. აქედან გამომდინარე, ასეთ ორგანიზაციებს დეპოზიტის მიღების უფლება არ ექნებათ“, - ამბობს პაპუნა ლეჟავა.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძე კი ამბობს, რომ სპეციფიკური ლიცენზიის მქონე ბანკების განვითარება ხელს შეუწყობს ახალი ინვესტორების მოზიდვას და კონკურენციის გაღრმავებას. მისი თქმით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი ინოვაციური სერვისების შემოღება, როგორიც მიკრობანკების პროექტია.

კანონით, ეროვნულმა ბანკმა დაინტერესებულ პირისთვის მიკრობანკის ლიცენზია განაცხადის წარგენიდან 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მისი სხვისთვის გადაცემა კი, აკრძალულია. მიკრობანკებს კრედიტების გაცემა მხოლოდ ლარში შეეძლებათ. ასევე ექნებათ უფლება მოიპოვონ დეპოზიტები, თუმცა მიკრობანკს თითოეული ფიზიკური პირისგან, მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან მოზიდული ანაბრების ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 ლარზე ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე ნაკლები.

მიკრობანკები იქნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კომერციულ ბანკებს შორის მდგრადი ფინანსური ინსტიტუტები. მათი ბიზნესმოდელი ეფუძნება სამეწარმეო საქმიანობიდან, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლის მიმღები პირების დაკრედიტებას. კერძოდ, მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 70% უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან. მიკროსაფინანსოებისგან განსხვავებით, მიკრობანკებს დეპოზიტების მოზიდვა და ანგარიშების გახსნაც შეეძლებათ.