ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ინდექსში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებაზე პოზიტიურად აისახა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, - ამის შესახებ სებ-ის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფო ასანიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ ღონისძიებების საფუძველზე ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა და FATF-ის მე-15 რეკომენდაციასთან საქართველოს ტექნიკური შესაბამისობის რეიტინგი ნაწილობრივ შესაბამისიდან მნიშვნელოვნად შესაბამისამდე გააუმჯობესა.

 

ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის 2025 წლის ანგარიშში საქართველო ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ინდექსით (AML Index) მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა და რეიტინგში 113-ე ადგილიდან 140-ე ადგილზე გადაინაცვლა.

 

ბაზელის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ინდექსი, ხუთ ძირითად ინდიკატორზე დაყრდნობით, 177 იურისდიქციაში აფასებს ფულის გათეთრებასა და მასთან დაკავშირებული დანაშაულობების მიმართ მოწყვლადობის დონეს, აღნიშნული საფრთხეების პრევენციისა და აღკვეთის შესაძლებლობებს. ინდიკატორები ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან მიღებული მონაცემებისა და ინფორმაციის ანალიზს. მათ შორისაა, ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფი (FATF), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკი და სხვ.

 

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ინდექსის მინიჭების პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სახელმწიფოში ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კუთხით მოქმედ მარეგულირებელ ჩარჩოს (AML/CFT/CPF), რომელიც რეიტინგის განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნული კომპონენტი ქვეყნის დადებითი შეფასების 50 პროცენტს განსაზღვრავს. დანარჩენი კომპონენტებია - კორუფცია და თაღლითობის რისკები, ფინანსური გამჭვირვალობა, საჯარო გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური და სამართლებრივი რისკები.

 

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს