„საშუალო სეგმენტის ბინებზე ქირის ფასი 50%-მდეც კი არის შემცირებული“ , - ამის შესახებ Geo Realty-ის დამფუძნებელმა მაია გამზარდიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ბიუჯეტურ და მაღალი სეგმენტის ბინებზე, ფასი შენარჩუნებულია. რაც შეეხება საშუალო ბიუჯეტიანს, მაია გამზარდია ამბობს, რომ აქ მიგრანტების ფაქტორმა იქონია გავლენა და თავის დროზე, 800-1000-დოლარიანი საცხოვრებელი ქონება 2000 დოლარად ქირავდებოდა, შესაბამისად, ახლა თავის ნიშნულს დაუბრუნდა.

„საცხოვრებელი უძრავი ქონების შემთხვევაში, ქირა ძალიან არის შემცირებული. თუმცა, კონკრეტულ სეგმენტში. საშუალო ბიუჯეტიანის შემთხვევაში 50%-მდეც კი არის შემცირებული. კომერციული ფართების იჯარის შემთხვევაში, ვერ ვიტყვით, რომ შემცირებულია, სტაბილურია 6 თვის ჭრილში. მაქსიმუმ, 5%-ით შემცირდა, ზოგან პირიქით, მატებაც არის.დაბალი სეგმენტის ბინებზე ჩვენ უფრო არ ვმუშაობთ, თუმცა ფასი შენარჩუნებულია. აქ მოიაზრება 300 დოლარის ეკვივალენტის ღირებულების საცხოვრებელი უძრავი ქონება. ასეთივე ვითარება მაღალი სეგმენტის ბინებზე, სადაც ქირა 3000 დოლარიდან იწყება. ეს ცოტა სხვა კატეგორიაა და მას სულ ჰყავს თავის მომხმარებელი. ამასთან, ფასები განსხვავებულია უბნების მიხედვით, რა თქმა უნდა, ვაკეში, საბურთალოსა, და სოლოლაკში ყველაზე მაღალი ფასებია. განსხვავებული ღირებულებაა ვარკეთილი, გლდანი სამგორის რაიონებში. თუმცა, მეტროს სიახლოვეს მდებარე ბინებს, კიდევ უფრო მაღალი ფასი აქვს“,- ამბობს მაია გამზარდია.

კითხვაზე, რამ განაპირობა საშუალო სეგმენტის ბინებზე ქირის ფასის განახევრება, Geo Realty-ის დამფუძნებელი ამბობს:

„საშუალო ბიუჯეტურში ითვლება საცხოვრებელი უძრავი ქონება, რომლის ქირა საშუალოდ, 1000-დან 2000 დოლარამდეა. აქ მიგრანტების შემოსვლის დროს, 2000 დოლარად ქირავდებოდა ბინა, რომელიც 800 და 1000 დოლარი ღირდა. შესაბამისად, ეს კატეგორია პრაქტიკულად, თავის ფასს უბრუნდება“,- ამბობს მაია გამზარდია.

ბიზნესპრესნიუსი