გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოპნენდუ მოჰანტიმ, „თბილისის ფინანსური სამიტის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაზე, ინოვაციების დანერგვასა და ქვეყნის გლობალურ ფინანსურ ეკოსისტემაში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა.

 

სოპნენდუ მოჰანტიმ ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის როლს ფინანსური ინოვაციების განვითარებაში და აღნიშნა, რომ ქვეყანა ღია ბანკინგის დანერგვით უკვე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ფინანსური სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით. მისი შეფასებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ამ გამოცდილებას დაეყრდნოს და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მომდევნო ეტაპზე გადავიდეს.

 

“ღია ბანკინგი, მარეგულირებელი ლაბორატორია, ციფრული ბანკები,  ციფრული ლარი,  თქვენ უბრალოდ კი არ ნერგავთ ტექნოლოგიას,  თქვენ თავად ქმნით მას. მაგრამ ტექნოლოგია არ არის მიზანი. მიზანი არის ფინანსური სისტემა, რომელიც პროდუქტიული, მდგრადი და სანდოა, რადგან ტექნოლოგია განსაზღვრავს იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია ფინანსებს. ნდობა კი გადაწყვეტს, თუ რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა. მოდით, ვაქციოთ თბილისი ადგილად სადაც ეს ორი ერთმანეთს ხვდება” - განაცხადა სოჰნენდუ მოჰანტიმ.

 

GFTN-ის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება სამ მიმართულებას: ხელოვნურ ინტელექტს, ტოკენიზაციასა და კვანტურ ტექნოლოგიებს.

 

ხელოვნურ ინტელექტზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ტექნოლოგიის განვითარება უკვე ახალ ეტაპზე გადადის, როდესაც ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ ინფორმაციას ამუშავებს და კითხვებს პასუხობს, არამედ დამოუკიდებლად მოქმედებს კიდეც. მისი შეფასებით, ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხელს შეუწყობს თაღლითობის სწრაფ გამოვლენას, რისკების უფრო ზუსტ შეფასებასა და მომხმარებლებისთვის მომსახურების გაუმჯობესებას. ამასთან, მნიშვნელოვანია შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოების არსებობა, რომლებიც ინოვაციების განვითარებასა და ფინანსური სისტემის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

 

მეორე მნიშვნელოვან მიმართულებად სოპნენდუ მოჰანტიმ ტოკენიზაცია დაასახელა. მისი განმარტებით, ტოკენიზებული ფინანსური ბაზარი შესაძლებლობას იძლევა, ფულისა და აქტივების ანგარიშსწორება მყისიერად განხორციელდეს. მან აღნიშნა, რომ საქართველომ ციფრული ფულის მიმართულებით ადრეულ ეტაპზევე გადადგა ნაბიჯები და გამოთქვა იმედი, რომ ქვეყანა ამ გამოცდილებას სრულყოფილი ტოკენიზებული ბაზრის განვითარებისკენ მიმართავს.

 

“ღირებულება იზრდება მაშინ, როდესაც მას ვაზიარებთ და საქართველო ამ პრინციპით ცხოვრობს” - განაცხადა  GFTN-ის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.