საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი თურქეთში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი -აზერბაიჯანში,- ამის შესახებ საერთაშორისო პლატფორმა Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან ირკვევა, რომელიც მსოფლიოს 99 ქვეყნის სტატისტიკას აერთიანებს.
რეიტინგის მიხედვით, თურქეთი 48-ე პოზიციაზეა და ქვეყანაში საშუალო თვიური ხელფასი 1 070 დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზე მეზობელ ქვეყნებს შორის რუსეთია, რომელიც 55-ე ადგილს იკავებს, 900-დოლარიანი საშუალო ანაზღაურებით.
შემდეგ მოდის სომხეთი - ქვეყანა რეიტინგში 59-ე პოზიციაზეა, სადაც საშუალო თვიური ხელფასი 757 დოლარს აღწევს.
საქართველო მეზობელ სახელმწიფოებს შორის ბოლოსწინა ადგილს იკავებს. Numbeo-ს მონაცემებით, ქვეყანა 74-ე ადგილზეა, ხოლო საშუალო თვიური ხელფასი 557 დოლარს შეადგენს. საქართველოზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ აზერბაიჯანში ფიქსირდება, რომელიც 81-ე ადგილს იკავებს და სადაც საშუალო თვიური ხელფასი 455 დოლარია.
ამავე რეიტინგის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი ესტონეთი-ში ფიქსირდება და 2 173 დოლარს შეადგენს. მას მოსდევს სლოვენია (2 050 დოლარი) და ჩეხეთი (1 774 დოლარი). რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საშუალო ანაზღაურება კი უკრაინა-შია, სადაც თვიური ხელფასი დაახლოებით 458 დოლარს შეადგენს, რაც აზერბაიჯანის მაჩვენებელს უახლოვდება.