მარტში საპენსიო ფონდის პორტფელების შემოსავლიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გლობალურ ბაზრებზე გაზრდილმა არასტაბილურობამ, რაც ირანში ომის ესკალაციას უკავშირდებოდა. გასული თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები, ხოლო აქციების ბაზარზე ინვესტორების სენტიმენტების გაუარესების ფონზე ფასების კორექცია დაფიქსირდა. აღნიშნული დინამიკა პირდაპირ აისახა საპენსიო ფონდის პორტფელების მომგებიანობაზე, რომელთაც საერთაშორისო აქციებში განსხვავებული პროპორციით აქვთ აქტივები განაწილებული.

ინფორმაციას ამის შესახებ ფონდი აქვეყნებს.

მიუხედავად გაზრდილი მერყეობისა, საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელებმა საერთო ჯამში მდგრადობა შეინარჩუნა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ადგილობრივი აქტივის კლასების სტაბილური შემოსავლიანობით.

მარტის თვის მონაცემებით, კონსერვატიულმა პორტფელმა შედარებით მცირე, -0.39%-იანი კლება აჩვენა, სადაც აქციების პორტფელის წილი ნაკლებია, ხოლო დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების ამონაგები შესაბამისად -1.85% და -3.08% იყო.

აღსანიშნავია, რომ მერყეობის მიუხედავად სამივე პორტფელი წლის დასაწყისიდან დღემდე დადებით შემოსავლიანობას ინარჩუნებს, ამასთან პორტფელების შექმნიდან დღემდე გაწლიურებული ამონაგები 11%-13%-მდე მერყეობს, დინამიკური პორტფელი კი ლიდერობას ინარჩუნებს.

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა მარტის ბოლოსთვის 8.8 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა.