მიმდინარე წლის 7 აგვისტოდან ამოქმედდება სამი განსხვავებული საინვესტიციო პორტფელი. საპენსიო სქემაში ჩართულ დასაქმებულებს შეეძლებათ მათი დაგროვილი თანხა რისკიანობის სხვადასხვა პორტფელში განათავსონ. საპენსიო სქემაში ჩართული დასაქმებულები თავდაპირველად სხვადასხვა რისკიანობის პორტფელებში ავტომატურად გადანაწილდებიან, კერძოდ 40-წლამდე ადამიანები მაღალ რისკიან პორტფელში მოხვდებიან, ხოლო 40-დან 50 წლამდე ადამიანები საშუალო, ხოლო 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები დაბალ რისკიან პორტფელებში განაწილდებიან, ანუ იქ, სადაც ამჟამად არის განთავსებული საპენსიო აქტივები
7 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიცვალონ პორტფელი და თავად გადაწყვიტონ, თუ რომელი რისკის პორტფელში დააბანდონ თავიანთი დანაზოგი.
რას ნიშნავს სხვადასხვა რისკიანობის პორტფელი და რა უნდა გაითვალისწინოს სქემაში ჩართულმა პირმა დანაზოგის განთავსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას - ამ თემაზე მედიასთან შეხვედრაზე საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, 7 აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რადგან მომხმარებელს საშუალება ეძლევა, რომ თავად გადაწყვიტოს, თუ სად სურს ამ თანხის დაბანდება. დღეს საპენსიო აქტივები სრულად დაბანდებულია ნაკლებ რისკიან პორტფელებში და მათი 80% ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 20% დოლარშია განთავსებული.
ბოლო მონაცემებით საპენსიო სააგენტოში 1 444 000 ადამიანია გაწევრიანებული.
„7 აგვისტოდან, როგორც აქამდეც ბევრჯერ გვითქვამს და კანონშიც წერია, მონაწილეებს შეეძლებათ , რომ რისკიანობიდან გამომდინარე აირჩიონ თავისი საინვესტიციო პორტფელი, კანონიერების მიხედვით მოხდება მონაწილეთა ასაკობრივი გადანაწილება, 40 წლამდე ასაკის მონაწილე მოხვდება მზარდ პორტფელში, რომელიც შედარებით მაღალრისკიანია, 40-დან 50 წლამდე მონაწილე მოხვდება საშუალო რისკის პორტფელში, რასაც ჩვენ შერეულ პორტფელს ვეძახით და 50 წელს ზემოთ ასაკის მონაწილე მოხვდება დაბალ რისკიან და სტაბილურ პორტფელში,“ - აღნიშნა გოგა მელიქიძემ.
საპენსიო სქემის კანონის დღეს არსებული რედაქციის მიხედვით და ცვლილებების შემთხვევაშიც სქემაში მონაწილე პირებს ექნებათ დივერსიფიცირების შესაძლებლობა და ისინი შეძლებენ, რომ დანაზოგის ნაწილი დაბალ რისკიანში, ნაწილი კი მაღალ რისკიანში დააბანდონ. საპენსიო სააგენტოს ეძლევა შესაძლებლობა, რომ დღეს არსებული ჭერი, რომელიც დოლარში სახსრების 20%-ის განთავსებას გულისხმობს, 40%-მდე გაზარდოს.
„ყველა აქტივის კლასში დანაზოგის ინვესტირებას, მნიშვნელოვნად ჯობია აქციებში ინვესტირება, რამდენიმე ათასით უფრო მეტი მოგება აქვს აქციებს დაწერილი, ვიდრე სხვა აქტივის კლასს. 7 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე მონაწილეს ექნება ღია ფანჯარა არჩევანისთვის, შემდეგ ეს ფანჯარა დაიკეტება, თუმცა ჩვენ კანონში შესატან ცვლილებებზე ვმუშაობთ და მიღების შემდეგ ეს ფანჯარა კვლავ გაიხსნება პერმანენტულად და თუ მონაწილეს მოუნდება რისკიანობის შეცვლა, შეცვლის და შემდეგ 12 თვით კვლავ ჩაიკეტება.“ - აღნიშნა გოგა მელიქიძემ.
შეგახსენებთ რომ ბოლო მონაცემებით საპენსიო აქტივების მოცულობამ 3.3 მილიარდ ლარს მიაღწია, მისი ამონაგების ჯამური მოცულობა 650 მილიონ ლარამდეა, რაც ეხება წმინდა მომგებიანობას ინფლაციის გამოკლებით, საპენსიო სააგენტოზე დადებითად იმოქმედა დეფლაციის მაჩვენებელმა და მის რეალური წმინდა მოგება 10%-ს აჭარბებს.