საკრედიტო სააგენტო Fitch-მა საქართველოს საერთაშორისო რეიტინგზე პოლიტიკური პროცესების გავლენა შეაფასა.

მიმოხილვაში საუბარია ეკონომიკური ზრდის პოტენციალზეც და ნათქვამია, რომ სააგენტო მიმდინარე წელს 7%-იან ზრდას ელის.

Fitch-ის აზრით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალი დეფიციტი, სახელმწიფო ვალის ზომიერი დონე, რომლის დიდი ნაწილი შეღავათიან პირობებშია, ამცირებს მოკლევადიან მაკროეკონომიკურ და ფისკალურ რისკებს.

თავდაპირველი შეფასებით, იანვარ-სექტემბერში ეკონომიკა 9,8%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რასაც მომსახურებისა და სამშენებლო სექტორების ძლიერი მაჩვენებლები დაეხმარა. 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 7%-ია“.

გაზრდილმა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ბაზრის ნდობაზე და შეაფერხოს სახელმწიფო საწარმოების ზედამხედველობისა და მმართველობის რეფორმები საქართველოს ეროვნულ ბანკში, რამაც გამოიწვია 2023 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 280 მილიონი აშშ დოლარის პროგრამის შეჩერება.

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულმა რისკებმა შეიძლება შეარყიოს პოლიტიკის სანდოობა და პოტენციურად შეასუსტოს საქართველოს მცირე, ღია, მაღალდოლარიზებული ეკონომიკის უნარი ეფექტიანად უპასუხოს გარე შოკებს. სანქციების განხორციელების რეგულირების ცვლილებებმა გაურკვევლობა გაზარდა ქართული ბანკებისთვისაც“, - ვკითხულობთ მიმოხილვაში.

აქვე ყურადღება მახვილდება საქართველოს რეგრესზე ევროინტეგრაციის გზაზე.

„ურთიერთობა ევროკავშირთან და აშშ-სთან გაუარესდა, განსაკუთრებით გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა კონსტიტუციით ვალდებულია, განაგრძოს ევროკავშირში გაწევრიანება, Fitch ელის შეფერხებას ევროკავშირის მოლაპარაკებების განახლებაში - რომელიც ევროკავშირმა ფაქტობრივად შეაჩერა ივლისში - და ნატოში გაწევრიანებისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი პროგრესის ნაკლებობას საშუალოვადიან პერსპექტივაში“,- აღნიშნულია მიმოხილვაში.