საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის აპრილში ერთი კომერციული ბანკი („კრედო ბანკი“), ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია („მისო ლიდერ კრედიტი“) და 30 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააჯარიმა.
ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ბოლო წლებში მარეგულირებლის მიერ დაჯარიმებული საფინანსო ინსტიტუტების რაოდენობის ზრდის ძირითადი მიზეზი რეგულაციების რაოდენობის ზრდაა.
„საფინანსო სექტორი გაივსო რეგულაციებით, შესაბამისად რაც უფრო მეტი წესია, მით მეტი დარღვევაა. ბოლო წლებში ბევრი რეგულაცია შემოიღო ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ, შესაბამისად მით უფრო ბევრი სანქცია და ჯარიმა იქნება. დღეს არსებული რიცხვები, რომ შევადაროთ წინა წლების მაჩვენებლებს, მაგალითად 2018 წლამდე პერიოდს ანუ მანამ, სანამ ამდენ რეგულაციას მივიღებდით, მნიშვნელოვნად გაზრდილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 4-5 წლის მანძილზე საფინანსო სექტორი გაივსო რეგულაციებით, თუმცა ეს არამხოლოდ ამაში გამოიხატება, არამედ ხარჯები ეზრდება სექტორს, რაც საბოლოოდ ისევ მომხმარებლამდე მიდის, რადგან ფასში ხდება ყველაფრის ასახვა და მაგალითად, არ მცირდება საპროცენტო განაკვეთები.
ზოგადად ეს პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ რაც უფრო მეტია რეგულაცია, მით უფრო დიდი რაოდენობისაა ასეთი სანქცია, ასეა სხვა ქვეყნებშიც“, - აღნიშნა ზვიად ხორგუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, სებ-მა 3 კომერციული ბანკი, 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 100-ზე მეტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააჯარიმა.