დაფინანსების არსებული მოდელის პირობებში, იზრდება საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად განკარგვის რისკები, - წერია სახელმწიფო აუდიტი სამსახურის დასკვნაში.

გამოქვეყნდა მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობის აუდიტის ანგარიში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საბაზისო დაფინანსების კომპონენტის მიხედვით, ფეხბურთის შემთხვევაში არ არის შემუშავებული ერთგვაროვანი მიდგომა ლიგებს შორის. არათანაბარი მიდგომაა რეგიონალური ლიგის დაფინანსებასთან მიმართებით, სხვა დანარჩენ ლიგებთან შედარებით.

ხოლო კალათბურთის შემთხვევაში, არ არის დანერგილი მონიტორინგის მექანიზმები კლუბებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის ხარჯვის შესახებ უკუკავშირის მისაღებად.

საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა, მათ შორის, საფეხბურთო კლუბების დაფინანსება, რომელიც გაიცემა საბაზისო, პრემიალური/ საპრიზო და სტიმულირების სამი ძირითადი კომპონენტის შესაბამისად.

კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ერთ-ერთი მიზანია საქართველოში კალათბურთის განვითარება, რაც სხვა აქტივობებთან ერთად საკალათბურთო კლუბების საბაზისო დაფინანსებას ითვალისწინებს.

საბაზისო დაფინანსება მოიცავს ყველა იმ ძირითად ხარჯს, რომელიც საჭიროა კლუბის ფუნქციონირებისათვის, მაგალითად, ფეხბურთის შემთხვევაში ხარჯები მოიცავს: ფეხბურთელების, მწვრთნელების და ადმინისტრაციული თანამშრომლების ხელფასებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) საწევრო გადასახადს, სამივლინებო, კვების, საოფისე, ეკიპირების, სამედიცინო და სხვა ხარჯებს.

საფეხბურთო კლუბების საბაზისო დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში გახარჯული თანხების ყველაზე დიდი წილი მოდის ხელფასებზე. ყველა ლიგის მიხედვით, 2019-2022 წლებში „შრომის ანაზღაურების“ მუხლიდან გახარჯული თანხების პროცენტული წილი მთლიან ხარჯთან მიმართებით, საშუალოდ, 52%-ია, ჯამში − 38,601,141 ლარი.

"2019-2022 წლებში „ლიგა 1“ და „ლიგა 2-ის“ მიერ ფეხბურთელების „შრომის ანაზღაურების“ მუხლით ჯამში გახარჯულია 13,275,644 ლარი, „ლიგა 3-ის“ და „ლიგა 4-ის“ შემთხვევაში 5,769,137 ლარი, ხოლო რეგიონალური ლიგის შემთხვევაში, საბაზისო დაფინანსების ფარგლებში ფეხბურთელების შრომის ანაზღაურების გაცემის უფლება კლუბებს არ აქვთ. კერძოდ, საბაზისო დაფინანსების მიხედვით, რეგიონალური ლიგის შემთხვევაში, შრომის ანაზღაურება გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ ადმინისტრაციისთვის და მწვრთნელებისთვის. 2019-2022 წლებში ადმინისტრაციულ თანამშრომლებზე გაცემული ხელფასი 753,343 ლარია. არსებული რეგულაციით რეგიონალურმა ლიგამ ფეხბურთელების ხელფასები უნდა უზრუნველყოს კლუბების მხრიდან შემუშავებული საპრემიო სისტემიდან, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს რეგიონალური ლიგის კლუბებს სხვა ლიგის კლუბებთან მიმართებით.

აღნიშნული ლიგის კლუბების მხრიდან უნდა მომხდარიყო ფეხბურთელებისთვის პრემიალური სისტემის შემუშავება, თუმცა 2019-2022 წლების რეგიონალურ ლიგაში მოთამაშე კლუბების 51%-ის მიერ „პრემიის“ მუხლიდან თანხა არ არის გაცემული",- წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ კალათბურთის კლუბების შემთხვევაში, არ არის გაწერილი ის პუნქტები/კომპონენტები, რაშიც კლუბს შეუძლია გახარჯოს საბაზისო დაფინანსების თანხა. კლუბებთან ეს საკითხი რეგულირდება მიღება-ჩაბარების აქტებით, თუმცა მონიტორინგის მექანიზმი დანერგილი არ არის. 2018-2022 წლებში კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კლუბების საბაზისო დაფინანსებაზე, ჯამში გახარჯულია 19,170,000 ლარი.

აუდიტის დასკვნით, სამინისტროს და კალათბურთის ფედერაციის მიერ აუდიტის პერიოდისთვის არ იყო დანერგილი მონიტორინგის მექანიზმები კლუბების მიერ ფინანსური რესურსის ხარჯვასთან დაკავშირებით, რომლებიც პერიოდულად უზრუნველყოფს კლუბებიდან მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიღებას. აღნიშნული წარმოშობს ფინანსური რესურსის არაეფექტიანად და არაპროდუქტიულად განკარგვის რისკებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდისთვის კალათბურთის ფედერაციის მიერ დაწყებული იყო მუშაობა მონიტორინგის მექანიზმების დანერგვასთან დაკავშირებით. კერძოდ, სუპერლიგის დებულებაში ასახული იყო მოთხოვნა, საბაზისო დაფინანსებაზე მყოფი კლუბების მიერ მიღებული საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში ფინანსური რესურსის ხარჯვასთან დაკავშირებით, ფედერაციაში ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე. ობიექტის განმარტებით, მსგავსი ცვლილების შეტანა იგეგმება „ა“ ლიგის დებულებაშიც, ამასთანავე, ობიექტის განმარტებით, კლუბებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების/ანალიზის შემდეგ იგეგმება შესაბამისი კრიტერიუმებისა და თანხების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების დაწესება ფინანსური რესურსის ხარჯვასთან დაკავშირებით.

საბიუჯეტო რესურსით დაფინანსების ფარგლებში, მნიშვნელოვანია არსებობდეს მონიტორინგის ქმედითი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კლუბებიდან უკუკავშირის მიღებას, ფინანსური რესურსის ხარჯვასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო აუდიტმა გასცა რეკომენდაციები:

რეკომენდაცია ფეხბურთის განვითარების ფონდს - საფეხბურთო ლიგებისთვის თანაბარი მხარდამჭერი მექანიზმების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონალურ ლიგასთან მიმართებით შეფასდეს საბაზისო დაფინანსების ფარგლებში განსაზღვრული პრიორიტეტების მიზანშეწონილობა.

რეკომენდაცია კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას - საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად განკარგვის მიზნით დაინერგოს მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საკალათბურთო კლუბებიდან მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიღებას კლუბების მიერ საბაზისო დაფინანსების ფარგლებში მიღებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით.