საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის მარტის ბოლოსათვის 43.34 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 268.98 მლნ ლარით, ანუ 0.62%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.47%-ით მეტი). ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 74.07 მლნ ლარით, ანუ 0.44%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.48%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 343.05 მლნ ლარით, ანუ 1.28%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.16%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის მარტის ბოლოსათვის 46.49 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.25 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.75 პროცენტული პუნქტით).

სებ-ის ინფორმაციით, მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.83% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.56%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.13%.

უცხოური ვალუტით  განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.81%, ხოლო ევროს წილმა 17.43% შეადგინა.