ეროვნულმა ბანკმა ოქტომბრის თვეში განხორციელებული ინტერვენციებით ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო, თუმცა ეკონომისტების მოლოდინით, ლარის გაუფასურების მორიგი ტალღა საახალწლო პერიოდში დაიძვრება. ექსპერტები განმარტავენ, რომ ახალი წლის პერიოდში ტრადიციულად, საბიუჯეტო თანხების ხარჯვითი ნაწილი იზრდება. მომხმარებლებიც და ბიზნესიც უფრო მეტს ხარჯავენ, რაც ბაზარზე ლარის მასის მატებას იწვევს. ამას კი ეროვნული ვალუტის კურსის რყევა მოჰყვება.
ეკონომისტი დავით კიკვიძე დარწმუნებულია, რომ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ეროვნულ ბანკს საახალწლო პერიოდში რეზერვებიდან დოლარის გაყიდვა კიდევ მოუწევს.
,,ვუახლოვდებით საახალწლო პერიოდს, რომელიც როგორც წესი გამოირჩევა მაღალი რყევით. მოსალოდნელია, რომ ლარის კურსი დაიწყებს ისევ გაუფასურებას, რადგან ამ პერიოდში ბიუჯეტის შესრულების ხარჯვითი ნაწილი არის ძალიან მაღალი. როგორც წესი ბოლო ეტაპები საახალწლო პერიოდშია. ასევე, ბიზნესები და თავად ინდივიდუალური მომხმარებლები საახალწლო პერიოდში დიდი ოდენობით თანხებს ხარჯავენ. შესაბამისად, აქაც გვაქვს მოლოდინი, რომ ლარის კურსი ისევ რყევას დაიწყებს და აქაც ეროვნულ ბანკს მოუწევს გარკვეული ინტერვენციებით შემოსვლა. დარწმუნებული ვარ, რომ საახალწლო პერიოდში მორიგი ინტერვენციები იქნება. ისტორიულად ასეა, ახალ წელს არის იმის ალბათობა, რომ კურსმა რყევა დაიწყოს. რისი შეკავებაც ეროვნულ ბანკს ისევ ინტერვენციებით მოუწევს.’’- აცხადებს დავით კიკვიძე.