რუსეთის კონსოლიდირებულ ბიუჯეტს 2025–2027 წლებში მშპ-ის 5.1%-ის დეფიციტი ექნება, – ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებსრუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების პროგნოზზე დაყრდნობით.

„როდესაც რეზერვები და ნავთობის შემოსავლები უხვად იყო, რუსეთს ილუზია ჰქონდა, რომ ნებისმიერ პრობლემას ფულით მოაგვარებდა, მაგრამ ახლა ამ რაოდენობის ფული აღარ არის და დროა პრიორიტეტები განისაზღვროს,“ – განაცხადა ალექსანდრა პროკოპენკომ, ბერლინში კარნეგის რუსეთ–ევრაზიის ცენტრის მკვლევარმა.

პროგნოზის მიხედვით, 2025 წელს რუსეთის ბიუჯეტურ სისტემაში დეფიციტი მშპ-ის 2.4%-ს მიაღწევს – რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კოვიდპანდემიის შემდეგ, როდესაც დეფიციტი 4.6%-ს შეადგენდა. ფულად გამოსახულებაში ეს 5.3 ტრილიონი რუბლი (64 მილიარდი დოლარი) იქნება. 2026 წელს კონსოლიდირებული ბიუჯეტის დეფიციტი შესაძლოა 1.6%-მდე შემცირდეს (47 მილიარდი დოლარი), 2027 წელს კი – 1.1%-მდე (35 მილიარდი დოლარი).

ჯამში, სამ წელიწადში რუსეთის ბიუჯეტური სისტემის მოკლებული თანხა დაახლოებით 12.1 ტრილიონ რუბლს (150 მილიარდ დოლარს) მიაღწევს.

მხოლოდ 2025 წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 3.9 ტრილიონი რუბლი (47 მილიარდი დოლარი) შეადგინა, ხოლო ივლისის ბოლოსთვის თითქმის 5 ტრილიონამდე (60 მილიარდი დოლარი) გაიზარდა.

მათ შორის ის რეგიონებიც კი, რომლებიც ტრადიციულად ჭარბით იწყებენ წელს, დეფიციტში აღმოჩნდნენ – მინუს 400 მილიარდი რუბლი (4.82 მილიარდი დოლარი) 2025 წლის პირველ ნახევარში. სოციალური ფონდი და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ფონდიც ნახევარწლიანი დეფიციტით – 236.9 მილიარდი რუბლით (2.86 მილიარდი დოლარი) დასრულდა.

ანალიტიკოსები მთავარ მიზეზებად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ვარდნასა და რუბლის გამყარებას ასახელებენ, რაც სავალუტო შემოსავლებს ამცირებს.

2025 წლის პირველ 8 თვეში რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები 20%-ით შემცირდა, აგვისტოში კი ვარდნა უკვე წლიურად 35%-ს შეადგენდა.

ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ რეგიონულ დონეზე არსებულ პრობლემებს: რუსეთის ყოველ მესამე რეგიონში გადასახადების შემოსავლები იკლებს, ყოველი მეორეში კი – ინდუსტრიისა და მშენებლობის ინდექსი მცირდება.